ზურაბიშვილი: გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა

© photo: Parliament of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეწყალების კომისიაში დამატებით ჩართული იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის რანგში პირველი გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ფორმირებისა და მსჯავრდებულთა შეწყალების წესების შესაძლო გამკაცრების შესახებ ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი შეწყალების წესების გამკაცრების მომხრეა>>>

ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.

„პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, შეწყალების კომისია, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, იუსტიციის სამინისტროსთან იმუშავებს. კომისია ახალ კრიტერიუმებზე დაყრდნობით განიხილავს საქმეებს და მოამზადებს რეკომენდაციებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი მამალაძის შეწყალებაზე: პრეზიდენტმა სასამართლოს განაჩენი არ უნდა გაასწოროს

„გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანს განემარტოს რომელიღაც კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის საფუძველი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, შემცირდება ის რისკებიც, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას.

მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. ამ ეტაპზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის საქმიანობა შეჩერებულია.

კანონის მიხედვით, შეწყალების უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც მოიხადა სასჯელის ვადის ნახევარზე მეტი, ვინც გასამართლებული იყო ორი ან მეტი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე მეტი; ასევე პირს, რომელმაც მოიხადა ვადის 1/3, გასამართლებული იყო ერთი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე ნაკლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0