12:55 25 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1838
  • 100 RUB4.4436
  • USD2.7945
პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი

„ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ" – რაზე იმსჯელეს ზურაბიშვილმა და ალიევმა ბაქოში

© photo: Salome Zourabichvili / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (49)
160 0 0

ილჰამ ალიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვიზიტისთვის ერთ-ერთ პირველ ქვეყნად აზერბაიჯანი აირჩია.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში აზერბაიჯანში თავისი პირველი ვიზიტის მსვლელობის დროს თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან ქვეყნებს შორის კულტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელა.

ზურაბიშვილი ბაქოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ეწვია. აეროპორტში მას დახვდნენ პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინოვი და სხვა ოფიციალური პირები.

მისალმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა, შემდეგ კი – გაფართოებულ ფორმატში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ცოტა ხანში აზერბაიჯანში იმყოფებით ვიზიტით და ამით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ურთიერთობებს ჩვენ ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. დღევანდელმა ვიზიტმა და მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ურთიერთობებს კარგი მომავალი აქვს. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში უჭერდნენ მხარს ერთმანეთს და მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთად", – განაცხადა ალიევმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა არ აერთიანებს.

„გავიარეთ ერთად წარმატებები, გავიარეთ ერთად ტრაგედიები ბოლო საუკუნეების განმავლობაში. ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა, რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა. ესეც გვაერთიანებს, რომ ეს განსაცდელი ერთად გავიარეთ. ვიცით, რა ფასი აქვს იმას, რომ გააგრძელო მაინც წინსვლა, მშენებლობა სახელმწიფოსი, განვითარება ეკონომიკის, კულტურისა და იდენტობის", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ოფიციალურად გაიხსნა. ამ რკინიგზის წყალობით შესაძლებელი გახდა დაბრკოლების გარეშე მოძრაობა და ტვირთის გადაზიდვა აზიიდან ევროპაში და პირიქით.

„ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის გახსნით გაიზარდა ტვირთების მოცულობა. ჩვენ ჯერ პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ ამ პროექტის სარგებელს უკვე ვხედავთ. ამ ყოველივედან გამომდინარე, ვაცნობიერებთ, რომ სწორ გზას ვადგავართ... ეს გზა კონტინენტების გაერთიანების საშუალებას გვაძლევს. ამ მიმართულებით საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ტრადიციულ მეგობრულ ფორმატში განაგრძობენ თანამშრომლობას", – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ზურაბიშვილი ეწვევა ქალაქებს კახს, ბელაქანსა და ზაქათალას, რომლებიც ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა აზერბაიჯანის რეგიონებს, შეხვდება ეთნიკურად ქართველებს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ხალხების წარმომადგენლებიც მოხარული იქნებიან. ვიმედოვნებ, რომ ეს რეგიონი თქვენ მეხსიერებაში კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს", – მიმართა ალიევმა ზურაბიშვილს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველებისა და აზერბაიჯანელებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანური ურთიერთობები.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, კულტურა, განათლება. ეს ის დარგებია, რომლებშიც უნდა განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები... განვიხილეთ ისიც, რომ საქართველოში ჩატარდეს აზერბაიჯანის დღეები და საქართველოს დღეები – აზერბაიჯანში, ხოლო ამ ღონისძიებებს რეგულარული ხასიათი მიეცეს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მაჩვენებლები არასაკმარისია.

საქართველოს პრეზიდენტი მოგვიანებით შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვს, პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგნელებს.

დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანს საქართველოში აქვს საელჩო, ხოლო საქართველოს – ბაქოში. ორივე ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთოს, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (49)

მთავარი თემები