04:31 04 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6919
  • 100 RUB4.2633
  • USD3.1048
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
24310

დღეს თანამდებობები დატოვეს TBC Holding-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ TBC Holding-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში", – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

ბანკის განცხადებით, დამფუძნებელი აქციონერები ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC-ს („თიბისი ბანკის“ 100%-იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს.

ამასთან, „თიბისი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. 

ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ის დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან.

„ჩვენი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს. ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან", – აცხადებს ეროვნული ბანკი.

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს კანონის დარღვევას. მისი სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მთავარმა პროკურატურამ უკვე გაავრცელა ხაზარაძის დაკითხვის დეტალები, რომლის მიხედვით, პროკურორთან საუბრისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ თანხა ავთანდილ წერეთელს კრედიტით მის ბანკში ჰქონდა აღებული.

შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელიც აცხადებს, რომ ენდობა ეროვნულ ბანკს, ხოლო TBC Bank-ის ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

 

მთავარი თემები