11:54 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის სამზადისი თელავში

თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)
122 0 0

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, თელავში  მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. თელავში, სადაც რამდენიმე საათში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის  ცერემონიალი დაიწყება,  სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში დღეს გაიმართება. ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 49 წუთს გაგრძელდება. ცერემონიის შემდეგ კი თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება. ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

ამასთან ერთად, თელავში ინაუგურაციის დღეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას გამართავს. „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები, რომლის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა, არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. მათ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის გზით არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

ტელეკომპანიის  ინფორმაციით, თელავის ქუჩებში უკვე გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლები კი ხელკეტებითა და ფარებით არიან შეირაღებულები. ასევე, მოძრაობა შეზღუდულია გომბორის უღელტეხილის გავლით და ამ გზაზე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს უშვებენ, რომლებიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად სტუმრის სტატუსით მიემგზავრებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. დღეს არის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ყველას მოვუწოდებ და ვაფრთხილებ, ვუსმინოთ და დავემორჩილოთ პოლიციის მითითებას, რათა ამ დღემ ჩაიაროს მშვიდ, წყნარ და საზეიმო გარემოში“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სამართალდამცველები  იღებენ ისეთ ღონისძიებას, რაც საჭიროა, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელავში  მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და  უზრუნველყოფილი იქნეს  როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

თემები:
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)

მთავარი თემები