თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს ფიცის დადებამდე გმირთა მოედანზე სურდა მისვლა, თუმცა ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ის იქ აღარ მოვიდოდა.
თუმცა ახლადარჩეული პრეზიდენტი გმირთა მოედანზე მოულოდნელად მაინც მივიდა. ის ადგილზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილზე არ იმყოფებოდა არცერთი მედიასაშუალება. ვიდეომასალა სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და მერაბ კოსტავას საფლავებიც გვირგვინით შეამკო.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში მივიდა, სადაც ლოცვას დაესწრო.
ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 28 ნოემბერს გაიმარჯვა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერით მან გრიგოლ ვაშაძის დაამარცხა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.