თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება და თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ცვლილებები საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 30 ნოემბერს აისახა, როდესაც საქართველოს პარლამენტს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადამუშავებული, მესამე ვარიანტი წარედგინა.
კერძოდ, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 800 ათასი ლარით (40%-ით) მცირდება. თუ მიმდინარე წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,8 მლნ ლარს შეადგენს, მომავალ წელს, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მლნ ლარი იქნება.
ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. წელს ფონდის მოცულობა 5 მლნ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის უმთავრესი მიზანი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობაა.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, მათი რიცხვი 60-მდე შემცირდება. ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა იმის გამო, რომ 28 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოგროვება, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო. მეორე ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერდა, ხმების 59,52% მოიპოვა. მისმა მოწინააღმდეგე გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა – 40,48%.
პრეზიდენტის სასახლის ბედი თბილისში - სამი ვერსია>>>
საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით აირჩია. ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო მეთაური პირდაპირი წესით აირჩიეს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც მომავალში საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები ექნება – მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური იქნება, ყველა მისი გადაწყვეტილება, გარდა მოქალაქეობის მინიჭებისა, ვეტოს უფლებისა და მსჯავრდებულთა შეწყალებისა, მმართველ პარტიასთან და მთავრობასთან შეთანხმებული უნდა იყოს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.