თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, ნათქვამია სომხეთის მთავრობის მეთაურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. ხმების 59,52%-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მოძმე საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით. პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, მთელი გულით ვისურვებ, რომ ამ თანამდებობაზე თქვენ ყოფნა აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში კეთილდღების ხანგრძლივი ზრდით", - აღნიშნულია პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის გზავნილში.
ფაშინიანმა რწმენა გამოთქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გამტკიცდება.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს მალე შეხვდება.
ზურაბიშვილს მიულოცა ასევე სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სომხურ-ქართული თბილი მეგობრული ურთიერთობები განვითარდება და გამდიდრდება ყველა სფეროში, გამტკიცდება დადებითი დინამიკა, რათა ორი ხალხის კავშირი ახალ დონეზე გადავიდეს", - ნათქვამია მისალოც გზავნილში.