„მორიგი ტყუილი" – ოპოზიცია „შავსიელთა" მიმართ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

© Sputnik / Denis Aslanovგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ ხელისუფლების დღევანდელ ინიციატივას.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. იმისთვის, რომ საბანკო დავალიანებების მქონე მოქალაქეები „შავი სიიდან" ამოიღონ, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს, განაცხადა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება საბანკო დავალიანებას იმ მოქალაქეებს დაუფარავს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

„წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არ გვაქვს არჩევნებში და რამხელა ნაბიჯებზე უწევს „ქართულ ოცნებას" წასვლა. ეს არის სწორედ პრინციპი და თუ გვინდა, რომ ეს, რაც დღეს იყო ნათქვამი, მართლაც შესრულდეს, აუცილებელია არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. თუ ვაშაძე არ გაიმარჯვებს, როგორც აქამდე უფასო ფულით ატყუებდნენ ადამიანებს, ისევ ისე მოიქცევიან", – განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: 31 დეკემბრამდე 600 000 ათას მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა და ვალი გაუნულდება

„ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, მოქალაქეების საბანკო დავალიანებების დაფარვის შესახებ განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების წინ მორიგი ტყუილია.

„მილიარდ-ნახევარი არის ზღაპარი. არავითარ მილიარდ-ნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის. ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ რესტრუქტურიზაციას. რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა ასეთი ინიციატივა?" – განაცხადა გოცირიძემ.

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად განიხილავს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს, მათ შორის სოციალური დახმარებისა და პენსიების ზრდას. მსგავსი ინიციატივების გახმოვანება განსაკუთრებით ხშირად არჩევნების მეორე ტურის წინ ისმის, რომელიც საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0