მოწოდებამ გაჭრა: მმართველ პარტიას „ძველგვარდიელი" ექს-დეპუტატი ჩიქოვანი უჭერს მხარს

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პოლიტიკაში „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბრუნდება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერა გადაწყვიტა.

ქუდზე კაცი! – ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიას უხმობს>>>

„ძველ გვარდიას", კონკრეტულად კი კოალიცია „ქართული ოცნების" ყოფილ წევრებს, რომელმაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა, მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ივანიშვილს ამისკენ 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა უბიძგა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მის ოპონენტ გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით ხმების ოდნავ მეტი რაოდენობა მოიპოვა.

„ის გარემოებები, რაც ახლაა საქართველოში, აბსოლუტურად მიუღებელია, ისევე, როგორც ის ანტაგონიზმი და ურთიერთდაპირისპირება, რომელსაც "ნაცმოძრაობა" სთავაზობს საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ადრე იყო პრობლემები, დღეს აუცილებელია, რომ ჩვენ ყველამ შევძლოთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ქვეყანაში ძალადობის დაბრუნებას არ დაუშვებს. მე „ნაცმოძრაობისთვის" წინააღმდეგობის გასაწევად ვბრუნდები", – განაცხადა ჩიქოვანმა ტელეკომპანია TV Pirveli-ს გადაცემა „რეაქციაში".

გარდა ამისა, „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა ლიდერმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე „ქართული ოცნების" მხარდასაჭერად თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
რამდენად აწყობს ოპოზიციის გამარჯვება „ქართულ ოცნებას"

„სხვების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. გადაწყვეტილებას ყველა თავად იღებს", – აღნიშნა მან.

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას მიერ დაფუძნებული პარტია „თავისუფალი დემოკრატები" პირველი იყო, რომელმაც კოალიცია „ქართული ოცნება" 2014 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის საფუძველი გახდა თავდაცვის უწყების ყოფილი ჩინოვნიკების დაკავების გამო ხელისუფლების ღია, მკვეთრი კრიტიკა.

მუქარა და სიძულვილის ენა მიუღებელია - წინასაარჩევნო გარემოს შეფასება>>>

2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ" როგორც დამოუკიდებელმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვა, „თავისუფალი დემოკრატების" რიგები დატოვეს როგორც ირაკლი ალასანიამ, ისე პარტიის სხვა ლიდერებმა, მათ შორის, ირაკლი ჩიქოვანმა.

მანამდე „ძველი გვარდიისადმი" ივანიშვილის მოწოდებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც გამოეხმაურა. პეტრიაშვილის განცხადებით, იგი მზადაა საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით ემსახუროს და სარგებელი მოუტანოს ქვეყანას.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში", რომელიც ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა, მმართველ პარტიასთან ერთად შედიოდნენ „საქართველოს კონსერვატიული პარტია", „ეროვნული ფორუმი", „თავისუფალი დემოკრატები", „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და „რესპუბლიკური პარტია", რომელმაც მეორე ტურში მხარდაჭერა „ნაციონალურ მოძრაობას" გამოუცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0