22:30 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ეუთო (9)
112 0 0

OSCE, PACE და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კარგად ორგანიზებული უწოდეს

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონკურენტულ გარემოში და მაღალკვალიფიციურ დონეზე გაიმართა, ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნაში.

გიორგი მარგველაშვილი: ეს იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები >>

არჩევნები გასულ კვირას ჩატარდა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთი დასკვნა ორშაბათს წარმოადგინეს. მათ შორის არის ეუთო-ს (OSCE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის მისიები.

„არჩევნები კონკურენტულ გარემოში და მაღალკვალიფიციურ დონეზე გაიმართა. კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ჩაეტარებინათ წინასაარჩევნო კამპანია, ხოლო ამომრჩევლებს - არჩევნის გაკეთების, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დოს არაერთხელ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების მონაწილეობის შემთხვევები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კერძო მედიის მკვეთრად გამოხატულმა პოლარიზებულმა ხასიათმა, მწვავე რიტორიკამ, ისევე როგორც მოვლენების ანალიტიკური შეფასების ნაკლებობამ „შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა სრულად ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ“.

საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებმაც  საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე მმართველი პარტიის წარმომადგენლობა გაზარდა, და სხვადასხვა თანამდებობებზე უპარტიო პირთა შერჩევის პროცესში არასაკმარისმა გამჭვირვალობამ მიკერძოებულობის შეგრძნება გააძლიერა.

ამ არჩევნებზე საქართველომ აჩვენა „თავისი დემოკრატიის სიმწიფე“, განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა და ხელმძღვანელმა კრისტიან ვიგენინმა წინასწარი დასკვნის პრეზენტაციაზე.

„ეს (დემოკრატიის სიმწიფე) მოლოდინებს კიდე უფრო აჭარბებს. ამიტომ, მიღწევების შექებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ხარვეზები, ფინანსები და ზოგადად, სამართლებრივი გარემო“, - განაცხადა ვიგენინმა.

მან გამოთქვა იმედი, რომ ქართველი ხალხი მეორე ტურში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და კენჭისყრის შედეგები ნათ ნებას სრულად გამოხატავს.

მამუკა ბახტაძე: ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა >>

თავის მხრივ, PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ხუნკომ აღნიშნა, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა. მან აგრეთვე პრობლემებზე მიუთითა.

„საარჩევნო კამპანიის დროს დაიხარჯა უზარმაზარი თანხა და ეს ხდებოდა სიღარიბის მაღალი დონის მქონე ქვეყანაში. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შეშფოთებას იწვევს, მდგომარეობდა იმაში, რომ სავარაუდოდ, კანდიდატთა მნიშვნელოვანი რაოდენობა სხვა პირთა სახელით მონაწილეობდა, რაც შესაძლებლობების თანასწორობას არღვევდა და საარჩევნო პროცესისადმი მოქალაქეების ნდობას ასუსტებდა“, - განაცხადა ხუნკომ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს.

„გუშინდელი არჩევნებით საქართველომ დაამტკიცა, რომ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მცდელობები არსებობს. მინდა, მოვუწოდო საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიული ეთიკა უმაღლეს დონეზე დაიცვან, განსაკუთრებით მეორე ტურის დროს. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხსა და განსაკუთრებით ახალგაზრდობას იმისთვის, რომ მათ დემოკრატიისადმი დიდი ერთგულება გამოავლინეს“,- განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარგარეტ სედერფელტმა.

მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესისთვის თვალის დევნების საშუალება ჰქონდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუნკავიჩენემ აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს.

„გუშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ბევრმა მოქალაქემ თავისი დემოკრატიული უფლების განხორციელება გადაწყვიტა. თუმცა ეს არჩევნები აჩვენებს, რომ ძლიერი გარანტიების გარეშე ძალაუფლებისა და რესურსების კონცენტრაციას დემოკრატიისთვის სარისკოა“, - აღნიშნა იუნკავიჩენემ.

ხმები დათვლილია – ცესკო არჩევნების შედეგებს აქვეყნებს >>

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას დოკუმენტში მითითებული პრობლემების აღმოფხვრისკენ მოუწოდეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.

მეორე ტური იმის გამო გახდა საჭირო, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი ხმა, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვის იყო საჭირო. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრი.

საპრეზიდენტო არჩევნები გასულ კვირას ჩატარდა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე 40 ქვეყანაში. ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.

თემები:
საქართველო - ეუთო (9)

მთავარი თემები