თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნები დიდი სხვაობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.
ვაშაძეს ხმა მისცა ამომრჩევლების 44,82-მა პროცენტმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხმების 33,88% მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი მონაცემები უბნების 99,95%-ის შედეგების დათვლის შედეგად ამგვარია: საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 38,63%-ს, ხოლო მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე – 37,74%-ს.
ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მიიღოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი, ხოლო მეორე ტურში გამარჯვებული იქნება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.