თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე გააკეთა არჩევანი და ხმა იმ კანდიდატს მისცა, რომელიც „ყველას პრეზიდენტი იქნება“.
მარგველაშვილი მთაწმინდის #22 საარჩევნო უბანზე მარტო, მეუღლის გარეშე გამოცხადდა.
„ხმა მივეცი პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს, საოცარი გმირობა წარსული წლებისა“, - განუცხადა მარგველაშვილმა მედიას.
მისი თქმით, მის მიერ არჩეული მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე „გმირ ხალხს“ ჩაუდგება სათავეში.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული კომენტარი ინგლისურ ენაზეც გააკეთა და ტერიტორია ისე დატოვა, რომ არ უპასუხა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებს. მაგალითად, ისეთს, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე წუხელ ღამით გამოჩენილი საპოლიციო სპეცტექნიკის დანიშნულებას შეეხებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი სურვილით თქვა უარი მეორე ვადით პრეზიდენტობაზე.
დღეს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს 6 წლის ვადით. ეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ბოლო შემთხვევაა, ვინაიდან ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და ამიერიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული.