ევროკავშირის ელჩი: საქართველო ევროკავშირში შესასვლელად მზად არ არის

© press-service of the European Union in Georgiaევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რათა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის, რადგან ორგანიზაციის სტანდარტებს არ შეესაბამება, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროკავშირში შესვლაა. ამისთვის ქვეყანაში ტარდება მრავალი რეფორმა და კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის.

„რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას, მზადაა თუ არა საქართველო ამისთვის? რა თქმა უნდა, პასუხი იქნება - არა. საქართველო მზად არ არის. არის ასოცირების შესახებ შეთანხმების ჩარჩოები, რაც ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას. ამას ეხება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობაც. ამისა და რეფორმების მეშვეობით საქართველო, ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ავიდეს - ასეთია გზავნილი", – განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ეთანხმება იმ აზრს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საუკეთესოა – პრემიერი კმაყოფილია

„საბოლოოდ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება თავად ევროკავშირი მომავალში. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევია. ერთადერთი, რაც არის - გვაჩვენეთ თქვენი სურვილი და სწრაფვა, როგორც ქვეყნის საბოლოო მიზანი", – აღნიშნა ჰარცელმა.

ელჩმა განმარტა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მთავარი გამოწვევა რეფორმები და ცვლილებებია.

„რაც შეეხება ძირითად გამოწვევებს, მე დავასახელებდი ერთ ფუნდამენტურ საკითხს. საუბარია რეფორმებსა და ცვლილებებზე საქართველოში. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ სასამართლო რეფორმა. ეს ერთ-ერთი ინსტიტუტია, რომელსაც უნდა ენდობოდნენ. ის უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და უნდა მუშაობდეს გამჭვირვალედ", – განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0