პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ყველა საკითხი კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელთან დათა ახალაიასთან თანხმდებოდა

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ,  განაცხადა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს,  გულის შეტევით, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ბიზნესმენი მოკლეს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სასამართლომ დათა ახალაიას განაჩენი ძალაში დატოვა

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი შსს-ს კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წარედგინათ. სამი ბრალდებულიდან ერთ-ერთი - გიორგი მერებაშვილი დაკავებულია.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ საქმის გახსნაში 2007 წლის ფარული ჩანაწერები დაეხმარათ. ჩანაწერები კი 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს მოიპოვეს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დროს აღმოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.

„2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. (გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა" - რედ.) ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდ-მა უნდა განახორციელოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის მტკიცებით, მეორე ჩანაწერში  ასახულია ე.წ. „მოდულის" შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდ-ის მაღალჩინოსნები, პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე პატიმრობაში რჩება

„საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს", - ნათქვამია  განცხადებაში.

პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული ყველა საკითხი კუდ-ის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან თანხმდებოდა.

საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით და წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის, აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც სარგებლობდა.

უწყების ცნობით, ჩანაწერის მონაწილე კუდ-ის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 16-დან 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რაც შეეხება კუდ-ის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი დგებუაძეს, საქართველოში მისი ექსტრადირება  ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ 2016 წლის მარტში განხორციელდა.  შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის  თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს. 

ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

ბადრი პატარკაციშვილი ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და ტელეკომპანია Imedi-ის დამფუძნებელი და მფლობელი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0