„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია შერჩეულ კანდიდატს ფინანსურადაც დაუჭერს მხარს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, სადაც მმართველი გუნდის წევრები შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისთვის გამოეცხადებინათ სრული მხარდაჭერა.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. რამდენიმე წლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში ის  თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და სამართლიანობის დასაცავად", - გაქნაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი, ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში... ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე  მხარი დაუჭიროს ქალბატონი  სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მათ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებოდათ. წელს პრეზიდენტობისთვის სულ 45 კანდიდატი იბრძოლებს. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0