თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს ლიდერების შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარებას ახალ იმპულსს მისცემდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან" (Известия) ინტერვიუში.
უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ოცნებობს იმ დროზე, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება.
„ახლა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგის აღდგენა ნებისმიერ მაღალ დონეზე. ცხადია, რომ გინდა პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი შეხვდეს ვლადიმირ პუტინს. ყველა პრობლემა ერთ წუთში არ გაქრება, თუმცა ასეთი შეხვედრა სერიოზული იმპულსი იქნებოდა იმისთვის, რათა დაიწყოს იმ სირთულეების გარკვევა, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ურთიერთობებში დაგროვდა", — განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის აზრით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შეცდომა იყო, რადგან ურთიერთობების არარსებობა ართულებს მოლაპარაკებების პროცესს და ურთიერთობების გაუმჯობესებას.
„დაბრკოლებას წარმოადგენს ასევე 2008 წელს რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. და, მაინც, მიმაჩნია, რომ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. ის მოლაპარაკებების პროცესზე გადის — პირველ რიგში, აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსეთთან", — განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, მთავარი დამაბრკოლებელი მომენტია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არ არის, რადგან არსებობს იმის შიში, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებენ და დასავლელი პარტნიორები ამას ცუდად შეხედავენ.
„არ მიმაჩნია სწორად საკითხის დაყენება — დასავლეთთან თანამშრომლობა თუ აღმოსავლეთთან, სამხრეთთან თუ ჩრდილოეთთან. საქართველომ სრულიად განსხვავებული გზა უნდა აირჩიოს. არასდროს მითქვამს, რომ საჭიროა მხოლოდ რუსეთთან კოოპერირება და ურთიერთობების შეწყვეტა დასავლეთის სახელმწიფოებთან ან სხვა ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა კავშირების დამყარება ყველა მოთამაშესთან", — აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ სწორი პოლიტიკა — ესაა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების უზრუნველყოფა.
„საბოლოო ჯამში გაიმარჯვებენ ლიდერები, რომლებიც საქართველოს ინტერესებში მოქმედებენ. მე რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას ვემხრობი, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე თანამშრომლობა დასავლეთთან. შესაძლებელია დაბალანსება ყველა მიმართულებით, უბრალოდ, ამის არ უნდა შეგვეშინდეს", — აღნიშნა პოლიტიკოსმა.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
ამჟამად დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ასევე პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.