თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული 116 კანონპროექტისგან შედგენილი მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი.
„მცირე მთავრობის“ კონცეფციის თანახმად, საქართველოს მთავრობაში 13 მინისტრის ნაცვლად უნდა იყოს 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი.
ძირითადი ცვლილებები შევა კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, ფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში უნდა შეიქმნას ახალი სამინისტრო – განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც გააერთიანებს დღეს არსებულ ორი სამინისტროს ფუნქციებს – განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და სპორტის სამინისტროებს.
ბოლო წლის განმავლობაში ეს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეორე გარდასახვა იქნება. 2017 წლის ნოემბრამდე კულტურისა და სპორტის სამინისტროები დამოუკიდებელი უწყებები იყვნენ.
კიდევ ერთი ცვლილება შეეხება იუსტიციის სამინისტროს – მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეუერთდება. უწყებაში სპეციალური პენიტენციური სამსახური შეიქმნება, რომელიც დღეს მოქმედი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციებს შეასრულებს.
გარდა ამისა, საქართველოში გაჩნდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც ერთმანეთში შეითავსებს როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ფუნქციების ერთ ნაწილს – სოციალურ პოლიტიკას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს შეერწყმება, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო რეპატრიაციის საკითხებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაკავდება.
რეფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც ეხება. სივრცითი განვითარების საკითხებით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო დაკავდება.
ამასთან იმ სამინისტროებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას, რომელთა გაუქმებაც არის დაგეგმილი, 2018 წლის ბოლომდე მიიღებენ ის სამინისტროები, რომლებიც მათ ფუნქციებს შეითავსებენ.
უწყებების ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია კანონში ცვლილებების შესვლიდან სამი თვის შემდეგ დაიწყება. იგი დაახლოებით ოქტომბერში მოხდება, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.