მომავალ კვირას საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება, გუბერნატორის ინსტიტუტი კი უქმდება

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართალია, ზაფხული და წარმოუდგენელი სიცხე დასვენებასთან ასოცირდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი რეფორმების განსახორციელებლად სწორედ ივლისის დასაწყისი ამოირჩია.

აქ ცოტა გიორგი კვირიკაშვილის წვლილიცაა, რომელიც თურმე 3 თვე ჰპირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, დღეს გადავდგები, ხვალ გადავდგებიო… რაც მთავარია, ცვლილებები მოხდა და ის უახლოეს მომავალში მთელი ხელისუფლების გადახალისებას ითვალისწინებს.

სარწმუნო წყაროების ცნობით, პრემიერი მამუკა ბახტაძე ახალ მთავრობას მომავალ ორშაბათს — 9 ივლისს წარადგენს, მისი დამტკიცება კი 11 ივლისისათვის არის მოსალოდნელი. გადახალისდება მთავრობის ძირითადი შემადგენლობა. სავარაუდოდ, ახალ მთავრობაში მაქსიმუმ 2-3 ძველი კადრი დარჩეს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ვის თამაშს ითამაშებს მამუკა ბახტაძე: ახალი პრემიერის ახლო და გრძელვადიანი გეგმები

ექსპერტ სოსო ცინცაძის ვარაუდით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაიკავებს. გამორიცხული არც დავით ზალკანიანის გამინისტრებაა, თუმცა ის საკუთარ პოზიციაზეც დიდ გავლენებს ფლობს. დიდი ალბათობით, შეიცვლება განათლების, მეცნიერების, სპორტის, კულტურის მინისტრი. სად იპოვის საქართველოს ხელისუფლება დიმიტრი გელოვანს ან დიმიტრი ყიფიანს, ძნელი სათქმელია, მაგრამ განათლების სისტემაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობისა და საეჭვო სქემების დაშლა, საკმაოდ რთული იქნება. ამ პოსტზე ზოგიერთი ექსპერტი განათლების მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის, თემურ მურღულიას კანდიდატურას განიხილავს, თუმცა ისიც არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ უცხოეთში მოღვაწე განათლების კარგი მენეჯერი მოძებნოს, რომელიც რეალურად დაახლოებს ქართული განათლების სისტემას ევროპულთან და გამოსაშვებსა და მისაღებ გამოცდებზეც ორ-ორჯერ არ დახარჯავს თანხას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ტექნიკური მთავრობა, გაურკვევლობა ხელისუფლებაში და ვადამდელი არჩევნების მოლოდინი

ცნობილია, რომ ახალ მთავრობაში აღარ იქნება სოზარ სუბარი. როგორც ჩანს, ამ თემაზე მოლაპარაკებები მას მაისშივე ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც სუბარი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა. სავარაუდოდ, მასთან ერთად დატოვებს პოსტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელიც, დიდი ალბათობით, შემოდგომაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტზე ეკა სირაძე-დელონეს ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ „კარგად მოიქცევა“.

აბსოლუტურად ახალ სახეებს უნდა ველოდოთ ფინანსთა, ეკონომიკის მინისტრების პოსტებზე. ვრცელდება ინფორმაცია მათი უცხოეთიდან მოწვევის შესახებ. რაც მთავარია, პოსტებს მყარად გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი შეინარჩუნებენ.

ცვლილებებია ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზეც. ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“.

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
პოლიტიკური დეჟავიუ, ანუ ისევ თავიდან ვიწყებთ?!

ეს ცვლილება მამუკა ბახტაძეს საშუალებას მისცემს, რეგიონებში არაპოპულარული გუბერნატორები თავიდან მოიშოროს და მისთვის სასურველი ადამიანები რწმუნებულებად დანიშნოს, თუმცა, როგორც ცნობილია, გუბერნატორების ინსტიტუტი ასეთი სერიოზული აღარ იქნება და მათ არც დიდი შტატი ეყოლებათ.

ცვლილებების მომდევნო ეტაპი უკვე გაერთიანებულ სამინისტროებში რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციას დაუკავშირდება. მართალია, ხმამაღლაა გაცხადებული, რომ საჯარო მოხელეებს საკადრო ცვლილებები არ შეეხება და ისინი მშვიდად გააგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ გარკვეული ცვლილებები, უბრალოდ, გარდაუვალია და ის, როგორც წესი, ტოპ-მენეჯმენტს შეეხება. ასე, მაგალითად, მაია ცქიტიშვილმა უკვე დაიწყო რეორგანიზაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში და სავარაუდოდ, ეს პროცესი სხვა სამინისტროებშიც გაგრძელდება.

თუმცა ხელისუფლება აპირებს, მთავარ ცვლილებებს ივლისშივე მორჩეს, რადგან აგვისტოს დასაწყისში საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება და საარჩევნო კამპანიის დაწყება, უბრალოდ, გარდაუვალია. მოკლედ, წლევანდელი ზაფხული ცხელი აღმოჩნდა როგორც ატმოსფერული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0