ყველაფერი სასამართლოზე შეიცვალა – ვისკენ იშვერს თითს შსს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებამ სრული სურათი წარმოადგინა იმისა, თუ ვინ მოკლა მოზარდი, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-მ 16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა, მაგრამ ყველაფერი სასამართლოზე შეიცვალა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე: სუბელიანის დაკავება საკმარისი არ არის

2017 წლის 1 დეკემბერს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. შსს-მ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა და მკვლელობის იარაღი — ორი დანა ამოიღო. თუმცა, 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი პირი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ აღიარა, მეორე კი მხოლოდ სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, კვლავ უცნობია თუ ვინ მოკლა სარალიძე.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე სუს-მა გამოძიება დაიწყო>>>

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა საპროტესტო ტალღა, რომელიც მრავალათასიან აქციაში გადაიზარდა, სადაც საქართველოს მთავარი პროკურორის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნები გაისმა. 31 მაისის პროტესტის საფუძველზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, ხოლო მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისთვის თანამდებობიდან წასვლა ჯერ ადრეა.

„იმის შესახებ, ვინ არის მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს უთხრა, როდესაც ეს პირები დააკავა და როცა სასამართლოს გადასცა. გასაგებია, რომ სხვა შედეგი მივიღეთ… რა შეიცვალა სასამართლოში, მათ შორის, რა შეიცვალა ექსპერტიზის შედეგების თვალსაზრისით — ამ კითხვებზე, სხვათა შორის, ახალი გამოძიების ფარგლებში ჩვენ საგამოძიებო ღონისძიებებს ვატარებთ. მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სრული სურათი დავხატეთ იმასთან დაკავშირებით, ვინ ჩაიდინა მკვლელობა. ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

სასამართლოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად სარალიძის ცხედრის ალტერნატიული ექსპერტიზა დასახელდა, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ჩაატარა. მისი მტკიცებით, საქმეში, შესაძლოა, ფიგურირებდეს მკვლელობის სხვა იარაღიც.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პროკურატურა გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

„ახლა ჩვენ — ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოდან მივიღოთ ის შედეგი, რომელიც უნდა მივიღოთ. სამწუხაროდ, სასამართლომ (პირველი ინსტანციის — რედ.) არ გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
უმრავლესობის სხდომა: პრემიერის გადადგომა უქმდება

სარალიძე მინისტრების გადადგომას ერთ კვირაში ელოდება>>>

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შსს-მ საქმის განმეორებითი გამოძიება დაიწყო, ორი პირი დააკავა: მერაბ მორჩაძე — მოწმის მოსყიდვის ბრალდებით და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

მორჩაძე მიხეილ კალანდიას — მოზარდების ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილისა და მკვლელობის საქმის მოწმის ნათესავია, სუბელიანი კი ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამაა.

„სამწუხაროა, რომ ბატონი ზაზა სარალიძე შსს-ს არ ენდობა. ეს ჩემთვის, ადამიანურად, აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, მე მას ვარწმუნებ იმაში, რომ ნდობის საბაბი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმოკლეს დროში გადადგა", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ შსს იმ პირების გამოვლენაზე მუშაობს, რომლებსაც შეეძლოთ მოწმეებზე ზეწოლა განეხორციელებინათ, მკვლელობაში სხვა ბრალდებული პირების დადგენის შემთხვევაში ისინი აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში.

ყველა ახალი ამბავი
0