თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) პანკისში მცხოვრები მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება Новости-Грузия სუს-ის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
31 მაისს რუსთაველის გამზირზე მაჩალიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ მან რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დაიფიცა და გადაწყვიტა სუს-ის შენობასთან თავის აფეთქება.
„ნებისმიერი პირის მიერ მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემთხვევაში – ტერორისტული აქტის ჩადენაზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს", — ციტირებს სააგენტო უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენლის სიტყვებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს მხარსა და თავში დაიჭრა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, რომლის მიზანიც ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო.
რატომ ესროლეს მაჩალიკაშვილს — ხელყუმბარაზე მისი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა>>>
როგორც მაშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სპეცდანიშნულების რაზმის ერთმა წევრმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ხელყუმბარა არ ჰქონია და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა. მაჩალიკაშვილის ოჯახი არ ეთანხმება ოფიციალურ ვერსიას და აცხადებს, რომ სპეცრაზმელმა შეცდომა დაუშვა. ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.