თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის სურვილი გამოთქვა.
„მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები… იცით, ამას რა ჰქვია? ამას დიალოგის თანამედროვე ფორმა ჰქვია. სწორედ ასე მელაპარაკება, მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი", — განაცხადა მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრა ტელეკომპანია Rustavi2-ის პირდაპირ ეთერში გადაიცა.
მან აღნიშნა, რომ მას პუტინთან საუბარი უნდა არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს.
„რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს — რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე. რა სარგებელი შეგვიძლია მოვუტანოთ ერთმანეთს, ჩვენ მოვალთ, ერთად დავსხდებით და ვილაპარაკებთ", — აღნიშნა მარგველაშვილმა.
„ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გეგმებზე ისაუბრა">>
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა. 2012 წელს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.