თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზება არ იგეგმება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა თბილისის ცენტრში ორდღიანი მასშტაბური აქციის შემდეგ. აქცია გამართა ახალგაზრდობამ, რომელიც აღაშფოთა პოლიციის სპეცოპერაციამ თბილისის ღამის კლუბებში. პარასკევს პოლიციამ ნარკოტიკების გამსაღებელი რვა პირი დააკავა, ხოლო კლუბების სტუმრებმა პოლიციელები მათ მიმართ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.
„როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. ამაზე სახელმწიფოს პასუხია – არა!" — განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ნარკოტიკების მოხმარების დაკანონების წინააღმდეგია.
„როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს იმაზე, არა, ბატონებო – კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია, ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები – ვერ იქნება კანონიერი მოხმარება!" — განაცხადა წულუკიანმა.
მან აღნიშნა, რომ ლიბერალიზაცია ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ადამიანს ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არ ჩასვამენ.
უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ.
აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილთ ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.
ორშაბათს „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრებთან ერთად პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მიიღეს ორი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება. ჯგუფები ნარკოპოლიტიკისა და 12 მაისის საკითხებს შეისწავლიან.
აქციამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა ერთი თვით გადადო. ამას წინ უძღოდა ხუთი ახალგაზრდის, სავარაუდოდ, ახალი ე.წ. კლუბური ნარკოტიკის „მეფედრონის“ მიღების შედეგად გარდაცვალება.