თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ქვეყნის ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება და პარტიის თავმჯდომარეობა გადაწყვიტა. რაც შეეხება მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს, ის საქართველოში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, ქვეყნის მეთაურის არჩევა არა ხუთი, არამედ ექვსი წლით მოხდება.
„ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის იქნება უშუალოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ის უხელმძღვანელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს… რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია Rustavi2–ის გადაცემა „არჩევანში“.
კობახიძის სიტყვებით, ახლო მომავალში საარჩევნო შტაბის ფორმირება მოხდება, რომელიც მუშაობას, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაიწყებს.
„კანდიდატი ჯერ დასახელებული არ არის და ეს ლოგიკურია. ჩვენ კანდიდატი რომც შეგვერჩია, ჯერჯერობით საჯაროდ მას მაინც არ დავასახელებდით. ეს ელემენტარულად ტაქტიკის საკითხია. ჩვენს კანდიდატს, სავარაუდოდ, ივლის–აგვისტოში დავასახელებთ და ამ მომენტიდან დავიწყებთ ძალიან აქტიურ საპრეზიდენტო კამპანიას“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება>>>
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც დააარსა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო". 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტია, კოალიციაში შემავალ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდა. ამ გზით დასრულდა საქართველოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.
2013 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი ქვეყანას დღემდე კულისებიდან მართავს.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის ოქტომბერში იწურება. მიიღებს თუ არა მარგველაშვილი მონაწილეობას არჩევნებში, ჯერჯერობით უცნობია.
საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.