ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ვერ მიიღებენ – ისლანდია

© photo: Sputnik / Dmitriy Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშიისლანდიის დროშა
ისლანდიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების 42 განცხადება განიხილეს და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი იქნა გაცემული.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან მინიმუმამდე შემცირდა, ამასთან, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს თავშესაფარი არ მისცეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გერმანიის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გერმანია არალეგალი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში საქართველოდან ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა მხოლოდ 6 ახალი მიმართვა დაფიქსირდა, თებერვალში კი მხოლოდ 3. მათგან არც ერთს არ მიენიჭა თავშესაფარი.

ისლანდიამ 2017 წლის ივლისში საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ–თებერვალში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების 42 განცხადება განიხილეს და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი იქნა გაცემული.

შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის პროგრესული ზრდის გამო რამდენიმე ქვეყანამ შეშფოთება გამოხატა, მათ შორის იყო ისლანდიაც. ოფიციალური მონაცემებით, ისლანდიაში გასული წლის ივნისში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 40 მიმართვა დაფიქსირდა, ივლისში – 64, აგვისტოში – 89, სექტემბერში – 39. თუმცა შემოდგომიდან კლების ტენდენცია ფიქსირდება: ოქტომბერში – 18 მიმართვა, ნოემბერში – 14, დეკემბერში – 3.

ისლანდია გახდა მეექვსე ქვეყანა ბელგიის, საფრანგეთის, ისრაელის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნო.

უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანით აღნიშნული ქვეყნები აღიარებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ რასობრივი კუთვნილებით. შესაბამისად, ხელშესახები მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.

ვარშავა - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის მარტში აამოქმედა უვიზო რეჟიმი, რომლითაც უკვე 220 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

ბოლო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო ხშირად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ 13-მა მოქალაქემ მიიღო, 1288-ს კი უარი ეთქვა. ბოლო მონაცემებით, განხილვის სტადიაშია კიდევ 5407 საქართველოს მოქალაქის განცხადება.

გერმანიის რაინ-ვესტფალიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა არ გამორიცხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდებოდა. მოგვიანებით, გერმანიის გადაწყვეტილებით, მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0