გლობალური პროექტები და მტკიცე მეგობრობა: რა აერთიანებს საქართველოს და აზერბაიჯანს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი
გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს.

კვირიკაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. ალიევისა და კვირიკაშვილის პირისპირ შეხვედრა „ზაგულბას" სასახლეში გაიმართა.

„აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ. ჩვენ 2012 წლიდან ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია", — განაცხადა ალიევმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს ეწვევა

ალიევმა განსაკუთრებით აღნიშნა ის გლობალური პროექტები, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და აზერბაიჯანს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი, რომელიც ოქტომბერში ჩვენ საზეიმოდ გავხსენით. წელს კი სამხრეთის გაზის დერეფნის TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენ თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს", — განაცხადა ალევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება არა მარტო რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე.

„მოცემულ წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის არსებული ეს თბილი ურთიერთობები მომავალშიც მოემსახურება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის", — მიმართა ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„აზერბაიჯანში ვიზიტი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობები აღმავლობის გზაზეა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ორ ქვეყანას შორის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე, რის დასტურადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნდა.

„სულ ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, აზერბაიჯანი ვიზიტორების მხრივაც პირველ ადგილზეა, რაც ძალიან გვახარებს. სტრატეგიული პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ — ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი, რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს, რაც ბუნებრივია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე.

„მინდა ასევე მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე. ეს საქართველოსთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას ღირსეულად აღვნიშნავთ", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2017 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 882 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0