საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს ეწვევა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია აზერბაიჯანის პირველ პირებს შეხვდა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ზაგულბას” სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. 

ლევან იზორია და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
რა საკითხები განიხილა იზორიამ ბაქოში

რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია აზერბაიჯანის პირველ პირებს შეხვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა. აზერბიჯანის ლიდერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების წარმატებულ განვითარებას და აღნიშნა მრავალი წლის განმავლობაში არსებული თანამშრომლობის წარმატებული განვითარება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედროში. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს  შორის დიპლომატიური ურთიერთობები  1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები. აქტიურია ორმხრივი ვიზიტების დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

აზერბაიჯანთან არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამ-ის ფარგლებში) ფორმატში.

ყველა ახალი ამბავი
0