11:04 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

„სრული აბსურდი" – საქართველოს პრემიერმა უარყო მასმედიაზე ზეწოლა

© FB / Giorgi Kvirikashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018 (102)
69 0 0

საქართველოს პრემიერმა მოქმედი ხელისუფლების მიღწევა უწოდა ტელეკომპანიის შექმნის სიმარტივესა და მასმედიის თავისუფლების უზრუნველყოფას.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართულ მასმედიაზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „სრული აბსურდი“ უწოდა.

სამშაბათს ტელეკომპანია Iberia TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია Omega Group Tobacco, რომელიც ტელეარხის ერთ-ერთი დამფუძნებელია, კონკურენტების მხრიდან თამბაქოს ბაზარზე ფასების ხელოვნურად დაწევის მსხვერპლი გახდა და 100 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიადგა. ტელეარხი ირწმუნება, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება, რათა Iberia TV-მ ვერ შეძლოს მაუწყებლობის გაგრძელება თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.

„მინდა აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ. ზეწოლას ეხება… მინდა ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, საქართველოში ძალზე ადვილია ტელეკომპანიის დაფუძნება და არავინ ახლებს ხელს თავისუფალ მასმედიას.

„ხელისუფლებაში, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს. იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენ ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება. გამორიცხულია ასეთი რამ ხდებოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას", — დასძინა პრემიერმა.

კვირიკაშვილის განცხადებას სრულად იზიარებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მისი თქმით, ხელისუფლების შანტაჟი კერძო ტელეკომპანიების მხრიდან მიუღებელია.

„აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, რომ ჩვენთან მასმედია არის სრულიად თავისუფალი… არავითარი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან მასმედიის მუშაობაში არ ხდება, შესაბამისად, ყველა მედიასაშუალება არის თავისუფალი. პრემიერს აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიზიარებ მის განცხადებას, რომ, ზოგადად, ხელისუფლების შანტაჟი არის მიუღებელი, მით უმეტეს იმ ორგანიზაციიდან, რომელიც პრემიერმა დაასახელა, არანაირი შანტაჟი არ უნდა არსებობდეს", — განაცხადა ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ტელეკომპანია Iberia TV ერთადერთი არაა, რომელიც ბოლო დროს ზეწოლის შესახებ ალაპარაკდა. გასულ კვირაში ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან მოდიოდა სიგნალები ტელევიზიის შინაარსის შეცვლის შესახებ, თუმცა ამ დროისთვის საკითხი მოგვარებულია და სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი რჩება. ჟიჟილაშვილს კონკრეტული პირების ვინაობა არ დაუსახელებია, თუ ვინ ითხოვდა ტელეარხის მფლობელისგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

მოგვიანებით ტელეკომპანია „რუსთავი2"-მა განაცხადა, რომ „TV პირველზე“ შესაძლო ზეწოლა შეიძლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას უკავშირდებოდეს.

მასმედიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყეს საუბარი, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ხალვაში ამტკიცებს, რომ 2005-2006 წლებში მაშინდელმა ხელისუფლებამ მას ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულა.

ტელეარხის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხალვაშის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას, რომელსაც სურს, რომ ტელევიზია ხალვაშს გადაეცეს და სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს.

საქართველოს სამივე სასამართლო ინსტანციამ ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია მის მფლობელობაში გადავიდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნით, რომელსაც ამჟამინდელმა მფლობელებმა მიმართეს.

თემები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018 (102)
თეგი:
გიორგი კვირიკაშვილი

მთავარი თემები