თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საჭიროა შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მერიამ კონტროლის გამკაცრება სამშაბათ დილით მეტროს სადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, აქედან 13 კვლავ სტაციონარში რჩება. სამს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, დანარჩენებს კი, ძირითადად, ტვინის შერყევა აქვთ.
კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის გახსნისას მეტროში შემთხვევის გამო სინანული გამოთქვა და დაშავებულებს უსწრაფესი გამოჯანმრთელება უსურვა.
„ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, რომლის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ მომხდარი შემთხვევა, ისე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც ჩვენ დავათვალიერეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტკომპლექსი, ბაღები და ა.შ. ცხადია, ამ მიმართულებით ცვლილელები გვჭირდება", — განაცხადა კალაძემ.
მერმა აღნიშნა, რომ შესაბამისი დავალება უკვე მისცა თავის მოადგილეებს და ამ საკითხზე უკვე მიდის აქტიური მუშაობა.
„უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და კონტროლი ეფექტური იყოს. ჩვენ გვჭირდება მოდელი და სისტემა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი მიხდება უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით", — განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მომხდარის საერთო სურათის მისაღებად გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ.
როგორც აღმოჩნდა, მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ძველ სამაგრებზე ახალი ჭერი დამონტაჟდა. სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია „ყვარელრემშენის" დამფუძნებელი, გიორგი ჯოხარიძე ამტკიცებს, რომ ეს თბილისის მერიის პირობა იყო.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულებისას", რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლოების აღკვეთით.
სადგურ „ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, მეტროს განახლებული სადგური კი ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.