15:20 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (92)
14 0 0

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უარი იმ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემაზე განაცხადა, რომლებსაც თავად მოითხოვდა

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ახალი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

150 დეპუტატიდან კანონპროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. ოპოზიცია პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

შემდგომში პარლამენტს ცვლილებების მიღება მესამე მოსმენით მოუწევს, მიღებულ ცვლილებებს კი პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიზარდოს კონსოლიდაციის ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და პარტიათა ინსტიტუციონალიზაციის დონე — ეს ყველაფერი დაგვაზღვევს რისკებისგან გრძელვადიან პერსექტივაში“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე პროექტის განხილვისას.

კობახიძის თქმით, ყველაზე პრინციპული ხასიათის ცვლილება „ბონუსების სისტემას“ ეხება.

ახალი ვერსიის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში ყველა, 150 მანდატი პოლიტიკურ პარტიებს შორის პროპორციულად გადანაწილდება არჩევნებზე მიღებული ხმების მიხედვით. „ბონუსების სისტემის" შემთხვევაში კი უფრო ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებოდნენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე ხმების დიდ რაოდენობას მიიღებდნენ.

მანდატების რაოდენობის განსაზღვრისთვის პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 150-ზე და გაიყოს ყველა იმ პარტიების ხმების რაოდენობაზე, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5% მიიღეს.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკებში მონაწილეობის უფლების ერთჯერადი შენარჩუნება.

„მეტი კონსენსუსის მიზნით კომპრომისისკენ წავედით და გამოვხატეთ თანხმობა, რათა კანონპროექტში ასახულიყო ბონუსების სისტემის გაუქმება და ბლოკების ინსტიტუტის ერთჯერადად შენარჩუნება“, — განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ, მიუხედავად დათმობებისა, ოპოზიციონერებმა სხდომაში მონაწილეობაზე და იმ ცვლილებების მხარდაჭერაზე განაცხადეს უარი, რომლებსაც თავად მოითხოვდნენ.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის თვითმიზანი კიდევ ერთხელ არ ყოფილა კონსენსუსის მიღწევა. ისინი არ უჭერენ მხარს იმ ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, მათი მოთხოვნის საფუძველზე შედის“, — ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, აპრილში განისაზღვრება პირობები, რომელთა თანახმად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აპრიორი არ გახდება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი.

კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციის მეხუთე მუხლში ახალი პუნქტი გაჩნდება, რომლის თანახმად „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობასა და ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებაზე“.

ცვლილებები შედის ასევე კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ეხება.

„ცვლილებები უკვე შეტანილია, და ახლა კიდევ უფრო იზრდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამაყობთ იმ მიღწევებით, რომლებიც გაგვაჩნია ღია მმართველობის კუთხით. საქართველო თავმჯდომარეობს პროგრამაში „ღია მთავრობა“, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო სტატუსია“, — განაცხადა კობახიძემ.

ასევე შესრულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მე-16 მუხლის მიმართ, რომელიც სარწმუნოების, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას ეხება.

27-ე მუხლში ახალი ჩანაწერის თანახმად, უზრუნველყოფილია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების აკადემიური თავისუფლება და ავტონომია.

ცვლილებები ასევე ეხება პრეზიდენტის არჩევნების სისტემას, კერძოდ, ტერმინოლოგიას. განახლებული კონსტიტუციის თანახმად, 2018 წლის შემდეგ ძალაში შევა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის აკრძალვა. პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, ხოლო ტერმინი „ამომრჩეველი" შეიცვლება ტერმინით „საარჩევნო კოლეგიის წევრი".

პროექტის თანახმად, დადგენილია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილია უმაღლესი სასამართლოს ოთხი წლით არჩეული 14 წევრი და მოსამართლე. დაზუსტებულია იუსტიციის საბჭოს მდივნის არჩევის წესი.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ მეორე მოსმენით მიღებული დოკუმენტი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მისი ყველა საკვანძო ნორმა მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც მომავალი მოწვევის პარლამენტი დაიწყებს ფუნქციონირებას (2020 წლის ბოლოდან).

 

თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (92)

მთავარი თემები