თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რომში საქართველოსა და იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით რომის დარბაზში „პალაცო ფერაიოლიში“ ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ და იტალიელმა პიანისტმა ალესანდრო სტელამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კახა სიხარულიძე, ასევე ქართული დიასპორის, იტალიის ხელისუფლების, რომში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, მუსიკალური და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ იტალიელმა მუსიკოსმა სპეციალურად ჩაწერა და გამოუშვა მუსიკალური დისკი „ყვითელი ფოთლები", რომელშიც გია ყანჩელის სამი კომპოზიცია შევიდა. საქართველო-იტალიის მეგობრობის აღსანიშნავად მუსიკალური დისკი სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.
საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. მხარეები თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობენ.
2010 წლის აპრილში რომში, ვილა ბორგეზეს პარკში, მსოფლიო მოღვაწეთა ხეივანში გოეთეს, დანტეს, დიუმას და შექსპირის ქანდაკებების გვერდით დაიდგა შოთა რუსთაველის ძეგლი.
ხატია გიგოლაშვილი