ძვირად შესანახი სასახლე: პრეზიდენტს ანგარიში წარუდგინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ხარჯებმა 2 წლის განმავლობაში 4,5 მილიონ ლარს გადააჭარბა

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ხარჯები განხილვის მთავარი საგანი მას შემდეგ გახდა, რაც მედიამ კონკრეტული ციფრები გამოაქვეყნა.

2015 და 2016 წლებში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირებაზე 4,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს არის კომუნალური ხარჯი, შენობის მოვლა-პატრონობა და პერსონალის ანაზღაურება, იუწყება გაზეთი „რეზონანსი“ სააგენტო „ინტერპერსნიუსზე“ დაყრდნობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ მონაცემები საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა. 2015 წელს ამ თანხებმა 2,2 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო 2016 წელს — 2,3 მილიონ ლარს. ყველაზე მეტი კომუნალურ მომსახურებაზე დაიხარჯა. 

„პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ასეთად რჩება ახალი კონსტიტუციის პირობებშიც. თუმცა გარკვეულ დანახარჯებთან მიმართებაში, ჩემი აზრით, შესაძლებელია გარკვეული ოპტიმიზაციის პირობებში ნაკლები ვალდებულებები გაჩნდეს ბიუჯეტიდან დასაფარი, რაც, რა თქმა უნდა, წაადგება ქვეყანას. არის ხარჯები, რომლის გაღებაზეც ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა უარს ვერ იტყვის იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი ხარჯი. არის ხარჯები, რომელიც შეიძლება გაიღო და შეიძლება არ გაიღო“, — განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

2015 წელს პრეზიდენტის სასახლეში შრომის ანაზღაურებაზე 292 000 ლარამდე დაიხარჯა, სამეურნეო საქონელზე — 41 500 ლარამდე. მიმდინარე რემინტი 232 800 ლარი დაჯდა, კაპიტალური რემონტი — 86 300 ლარი, სასახლის დაცვა — 738 300 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ვის თამაშს თამაშობს საქართველოს ყველაზე ბედნიერი პრეზიდენტი

იმავე წელს 818 800 ლარზე მეტი კომუნალურ მომსახურებაზე დაიხარჯა. აქედან 535 500 ლარი — ელექტროენერგიაა, 183 800 — ბუნებრივი აირი, 78 300 ლარი — წყალმომარაგება.

2015 წელს შენობის მოვლაზე (გუმბათის წმენდა, დროშის შეცვლა და გამწვანება) – 6 500 ლარამდე დაიხარჯა.

რაც შეეხება 2016 წელს, კომუნალურ მომსახურებაზე 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, პერსონალის ანაზღაურებაზე — 325 000 ლარზე მეტი, მიმდინარე რემონტი 187 200 ლარამდე დაჯდა, სამეურნეო საქონელზე 28 000 ლარი დაიხარჯა, შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე — 29 000 ლარზე მეტი. პრეზიდენტის სასახლის დაცვის მომსახურების ღირებულებამ 772 400 ლარი შეადგინა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ასევე იხსენებენ იმას, რომ პრეზიდენტისთვის ათონელის ქუჩაზე ახალი სასახლე ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში მომზადდა, რაც ასევე გარკვეულ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში დარჩენა ამჯობინა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარტოფილის მოსავალს იღებს - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: მოუსავლიანი წელიწადი იყო

„საერთოდ ეს სასახლე გრანდიოზულია. იმას რომ თავი დავანებოთ, რასაც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ეს ბოროტების ბუდეა და ეს არის ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ წმინდა პრაგმატულად, ეს ძალიან დიდი შენობაა. პატარა ქვეყანას ალბათ უფრო მოკრძალებული პრეზიდენტის სასახლე მოუხდებოდა“, — განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ყველა ამ მოთხოვნებს ათონელზე მდებარე შენობა სრულიად აკმაყოფილებს.

მედიაში გამოქვეყნებულმა პრეზიდენტის სასახლის ხარჯებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც გააკვირვა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა განახლებულ კონსტიტუციას ხელი მოაწერა

„როგორც ჩანს, დაანონსდა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სეზონი. წარმოდგენილი ციფრები, წარმოდგენილი ხარჯები არის გაწეული სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად, ეს ციფრები იყო სრულიად სიურპრიზი ჩვენთვის. ისევე როგორც საზოგადოებას აინტერესებს, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს თითოეული თეთრის ეფექტიანობა, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ არის გაწეული“, — განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერში პოლიტიკური შემადგენელი არსებობს.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი უმაღლესი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ვერ კონტროლდება „ქართული ოცნების" მიერ. შესაბამისად, მე ვფიქრობ,  რომ საზოგადოებისთვის ნათელია, თუ საიდან მომდინარეობს, სად მიდის  და რა მოტივაციით არის ნაკარნახევი ეს ინფორმაცია, ანალიზი და შეფასებები“, — აღნიშნა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მოქმედი სასახლე თბილისის ისტორიულ რაიონში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. საქართველოს ხელისუფლება და თავად მარგველაშვილი, პრეზიდენტად არჩევამდე, აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენებულ ავლაბრის სასახლეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდნენ, ხოლო პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ათონელზე განთავსდებოდა.

მოგვიანებით მარგველაშვილმა გადაწყვიტა არ დაეტოვებინა ავლაბრის რეზიდენცია. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უთანხმოების ერთ-ერთ საგნად იქცა. 


ყველა ახალი ამბავი
0