თბილისი, 8 ივლისი-Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხების კომიტეტის მომხსნებლად და საპარლამენტო ბიუროს წევრად აირჩიეს, ინფორმაცი ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
მინსკში მიმდინარეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 26-ე ყოველწლიური სესია. ბელორუსის დედაქალაქში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობისთვის შეიკრიბა ათობით ქვეყნის სამასზე მეტი პარლამენტარი. სესია 9 ივლისს დაიხურება.
სოფიო ქაცარავა, მისი მანდატის ფარგლებში, მოხსენებებს მოამზადებს და ასამბლეას წარუდგენს. ამ პოზიციის შესაბამისად, სოფიო ქაცარავა, ასამბლეის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე არჩევა და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის, — განაცხადა დეპუტატმა.
მისი სიტყვებით, იგი შეეცდება ახალ თანამდებობაზე საქართველოს წარმატებული რეფორმები წარმოაჩინოს.
„ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანო ასამბლეის საქმიანობაში და ეუთო-ში სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებთან ერთად კოლეგებს გავუზიარო საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები, წარმოვაჩინო საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში”, — განაცხადა ქაცარავამ.
სოფო ქაცარავა ინგლისური ენისა და ლიტერატურის 40 წლის სპეციალისტია, შვიდი წელი საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის მენეჯერად იმუშავა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში. შემდეგ 11 წლის მანძილზე საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მდივნად, საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად იმსახურა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს 2016 წლის არჩევნებზე.