20:45 27 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველომ დაგმო მოსკოვის ახალი შეთანხმება სოხუმთან

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
3801

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმება თბილისში როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეფასდა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის თაობაზე გაფორმებული შეთანხმება.

„შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის თაობაზე" შეთანხმებას 18 მაისს ხელი მოაწერეს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა და აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ.

„ე.წ. შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა", — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრომ შეთანხმების გაფორმებას კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში ჩარევად შეაფასა. „მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად საქართველო-რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში ნარჩუნდება.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ტრადიციულად პრაღაში იმართება და მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს ითვალისწინებს. პოლიტიკური საკითხები ჟენევის დისკუსიების ფორმატში განიხილავენ, რაც დღეისათვის საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

 

 

მთავარი თემები