ბესელია: საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სახიფათოა

© FB / Георгий Маргвелашвилиპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრაზე
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს არწმუნებენ, რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში - ნორმალური მოვლენაა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ეკა ბესელიამ სახიფათო უწოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მკვეთრად გააკრიტიკა.

ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრაზე მარგველაშვილი საქართველოში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდა. საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის გეგმებთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის წინადადებით გამოვიდა. ხელისუფლების გეგმებით, 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობის ნაცვლად პარლამენტი აირჩევს. მომდევნო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

"მე მგონი, საშიში და სახიფათოა ასეთი შეფასებები. ეს არის პროცესისთვის სახიფათო, რადგან წინ არის საერთო-სახალხო განხილვა, წინ არის ფართო დისკუსიის გამართვა და არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემურად შეგვიძლია დავინახოთ ყველა ცვლილება საპარლამენტო მოდელის პირობებში და არა პერსონალური განწყობებით", — განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტით უკმაყოფილოა

საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები სრულიად ნორმალური და მისაღებია, აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

"ასეთი რესპუბლიკები ყველაზე დემოკრატიულები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება იქნებოდა არასწორი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, ერთი ვადით მოხდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება, შემდეგ მოხდეს არაპირდაპირი წესით", — განაცხადა ჩუგოშვილმა.

სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმების ინიციატივა ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის განხეთქილების ვაშლად იქცა. პროტესტის ნიშნად საკონსტიტუციო კომისია შვიდიდან ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა. კიდევ ერთმა პარტიამ ხელისუფლებას კორექტივების შესატანად ვადა შაბათამდე მისცა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტი უნდა იყოს წარმოდგენილი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და სამუშაოს უკვე საბოლოო ეტაპს შეუდგა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტს 30 აპრილამდე წარედგინება.

შემდგომში საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს გაიტანს საყოველთაო სახალხო განხილვაზე, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება. ამის შემდეგ პროექტი პარლამენტს დაუბრუნდება და მისი განხილვა კომიტეტებში დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0