თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტების პაკეტს მოაწერა ხელი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმების მესამე ტალღას უკავშირდება, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.
„საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო. პირველად საქართველოს პარლამენტმა ეს შესწორებები დეკემბერში მიიღო, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ამ პაკეტს ვეტო დაადო, რადგან შესწორებათა ნაწილი არ მოეწონა.
„კანონთა პაკეტი მოიცავს რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებასაც, მათ შორის საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, რასაც პრეზიდენტმა ადრეც დაუჭირა მხარი“, — განაცხადა ანა დოლიძემ.
რეფორმის მესამე ტალღა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს საქმეთა ელექტრონული განაწილების შემოღებას, მოსამართლეებისთვის დამატებითი გამოსაცდელი ვადის შემოღებას, სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეთათვის სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეობის აკრძალვას.
გარდა ამისა, საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას პრიორიტეტი იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულებსა და იმათ უნდა მიენიჭოს, ვინც კეთილსინდისიერებისა და რეპუტაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ასევე რეფორმა ითვალისწინებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ და უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისათვის გამოსაცდელი ვადის შემოღებას.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ აქტიურად შეუდგა სასამართლო სისტემის რეფორმირებას. სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე მიღებული ცვლილებები გახდა. მაშინ პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები შეამცირეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი შევიდა, რომლებიც მოსამართლის თანამდებობას არ იკავებენ და ექვსი მოსამართლე, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს.
მეორე ტალღა იყო 2015 წელს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შემოღება და მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმების დადგენა.