16:31 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პრეზიდენტის რეზიდენცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გოცირიძის კანდიდატურის თაობაზე განმარტებას მოითხოვს

© Sputnik/ Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
30 0 0

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პროფესორ ნანა მჭედლიძის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე წარადგინა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით უსამართლოდ მიიჩნევს და განმარტებებს ითხოვს.

საქართველოს მთავრობამ გუშინ ცვლილებები შეიტანა ევროპის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სამკაციან სიაში და იურისპრუდენციის პროფესორის ნანა მჭედლიძის ნაცვლად კანდიდატთა სიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკანდალურად ცნობილი წევრი ევა გოცირიძე შეიყვანა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ კანდიდატის შეცვლა მოხდა სწრაფად, მოხდა შესაბამისი პროცედურის გარეშე და მოხდა დასაბუთების გარეშე, იმის გარეშე, რომ მთავრობას მიეთითებინა კონკრეტულად, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა კანდიდატურის ჩანაცვლება“, — განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს.

გამომდინარე აქედან, ჩნდება ეჭვი, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა, აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

„ჩნდება დიდი კითხვის ნიშნები უსამართლობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მე, როგორც ფინალისტს, მაქვს ეს განცდა“, — დაამატა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადება წინააღმდეგობაშია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებასთან, რომლის თქმითაც, ევა გოცირიძის კანდიდატურა, ისევე, როგორც სხვა კანდიდატებისა, გამჭვირვალე და საჯარო კონკურსის შედეგად შეირჩა.

 

ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩანაცვლდა ნანა მჭედლიძე ევა გოცირიძით, ისაა, რომ ევროპული სასამართლოს ექსპერტების აზრით, მჭედლიძე ვერ აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს. კერძოდ, მას არ გააჩნია ხანგრძლივი აკადემიური გამოცდილება და ასევე მართლმსაჯულების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების მოსაზრება არა აუცილებელი, არამედ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა. ამ სიიდან ერთ-ერთმა უნდა ჩაანაცვლოს მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

საქართველოს მთავრობამ სია უკვე წარუდგინა ევროპის საბჭოს. აქედან ერთ-ერთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოქტომბერში მოსამართლედ აირჩევს.

მთავარი თემები