პრემიერი: ჯონ კერის ვიზიტი საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის დადასტურებაა

© FB/Георгий Квирикашвилиჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი
ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს წარმატებული უწოდა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა.

პრემიერის განცხადებით, კერის ვიზიტს ხელშესახები შედეგები აქვს, რაც საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი არის დადასტურება საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია, რომ იგი შედგა ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის”, — განაცხადა კვირიკაშვილმა, იუწყება პრემიერის პრეს-სამსახური.

გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ გუშინ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: გულგრილობა და ოცნებები

ასევე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით.

„ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა“, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დააფინანსებს. იგი ფოკუსირებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრობიზნესის განვითარებაზე…

ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც ეს ვიზიტი დასრულდა!“ — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისში ვიზიტისას ჯონ კერიმ მასმედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „რომ შევაჯამოთ, ჩვენი ქვეყნები — საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არიან მჭიდრო პარტნიორები და ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ბევრ ფრონტზე ვთანამშრომლობთ. ყველა მოუთმენლად ველით ვარშავაში ნატოს სამიტში მონაწილეობას”.

ჯონ კერი საქართველოში 6 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. გარდა ამისა, გაიმართა ჯონ კერისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა.

ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში 7 ივლისს სრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0