07:45 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
389 0 0

ნიგერიელი უნიჭიერესი მომღერალი ომა ფავორი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ნიგერიაში დაწყებული მისი მუსიკალური კარიერა საქართველოში გაგრძელდა.

ომა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლობს. როგორც ახალგაზრდა მომღერალი ამბობს, ამ პროფესიაზე მოთხოვნა აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და მის შემთხვევაშიც პროფესიული არჩევანი ამან განაპირობა.

ომამ სიმღერა 10-12 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 16 წლიდან მოყოლებული დღემდე სხვადასხვა ბენდში მღეროდა. აღსანიშნავია, რომ ის სიმღერებს ქართულ ენაზეც უპრობლემოდ ასრულებს. მან მუსიკალურ კონკურსში „დიდი სცენა“ რამდენიმე კომპოზიცია ქართულ ენაზე შეასრულა.

ვოკალისტმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ქართული ენის ბარიერზე, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

Конкурсантка шоу Большая сцена Ома Фавор
ომა ფავორი

- როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?

- სიმღერა პატარა ასაკში დავიწყე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნიგერიაში ვცხოვრობდი. მოგვიანებით ნიგერიიდან სამხრეთ ამერიკაში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. იქ ადგილობრივ მუსიკოსებს შევხვდი და მათ ბენდში გავწევრიანდი. ჩვენ კონცერტებს ვმართავდით კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში - ტრინიდადსა და ტობაგოში და სხვაგან. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, საიდანაც ლონდონში უნდა წავსულიყავი. მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი მქონდა. შემდეგ აქ გავწევრიანდი ერთ-ერთ მუსიკალურ ბენდში და ჩემი მუსიკალური კარიერა საქართველოში ასე დაიწყო.

Участница шоу Большая сцена Ома Фавор
ომა ფავორი

- როგორ შეიტყვე საქართველოს შესახებ და რატომ გადაწყვიტე აქ ჩამოსვლა?

- სამედიცინო განათლების მიღება მსურდა. როდესაც ბრიტანეთში ვცხოვრობდი, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი საქართველოში იმყოფებოდა, მან დამირეკა, მომიყვა ამ ქვეყნის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვიტე აქ ჩამოსვლა და სამედიცინო მიმართულებაზე სწავლა.

Певица из Нигерии Ома Фавор
ომა ფავორი

- რას ფიქრობ ქართულ ენაზე, გაგიჭირდა მისი სწავლა? უცხოელებს ხშირად უჭირთ ქართულ ენაზე სხვადასხვა ასოების წარმოთქმა.

მართალია, თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა საქართელოში რომ ჩამოვედი, ქართული ენის კურსები გავიარე. აქ ყოფნის პირველი წელი ბევრად რთული იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ უკვე შევძელი ცოტა ქართულად საუბარი. ახლა შედარებით მიმარტივდება თქვენი ენის გაგება, რადგან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებთანაც მუდმივად ქართულად ვსაუბრობ.

- რას ფიქრობ ქართულ მუსიკაზე?

- მიყვარს ქართული მუსიკა, რადგან ძალიან ორიგინალურია. როდესაც ქართულ მუსიკას პირველად მოვუსმინე, გავოცდი, შეიძლება ითქვას, დამატყვევა. მასში დავინახე სული და ვნება. ასევე ძალიან მომეწონა თქვენი ტრადიციული ცეკვები, რომელიც ასევე ძალიან ორიგინალურია.

- განსაკუთრებით რა მოგეწონა ჩვენს ქვეყანაში და აპირებ თუ არა დარჩენას?

- განსაკუთრებით ქართველი ხალხი მომწონს, თუმცა გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ზოგიერთი მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეს კარგად არ ხვდება. ასევე მომწონს ქართული კერძები, რომელიც უგემრიელესია. რაც შეეხება თქვენს ქვეყანაში დარჩენას, ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ უცხოელებისთვის ძალიან ძნელია აქ ცხოვრება, რადგან საქართველოში ამის პირობები ნაკლებად არის. ამას ასევე ართულებს ის ფაქტი, რომ ძალიან რთულია საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ჩემს მშობლებს ძალიან უნდათ სამედიცინო სფეროს მიმართულებით წარმატებას მივაღწიო. ივლისში სწავლას დავამთავრებ, შემდეგ ვაპირებ ბრიტანეთში წასვლას, სადაც გავაგრძელებ ჩემს სარეზიდენტო პროგრამას და ძალიან მინდა ექიმი გავხდე. ცხოვრება თუ ამის საშუალებას მომცემს, მინდა პარალელურად მუსიკის შექმნაც გავაგრძელო და რამდენიმე მუსიკალური ნამუშევარი გამოვუშვა. თუმცა, არასდროს ვიცით ცხოვრება რას გვიმზადებს, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული...

 

მთავარი თემები