ბათუმელი მეზღაპრე ვენაში, ანუ ნინო ველის ცხოვრებისეული და მოგონილი „ზღაპრო-ბანი“

© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ავსტრიაში მცხოვრები ბათუმელი მწერლის ნინო გვალიას ცხოვრების ისტორიას გიამბობთ.
ქალბატონი ნინო პროფესიით ფსიქოლოგია, ათი წლის განმავლობაში აჭარის კულტურის სამინისტროში მუშაობდა. ადრეული ასაკიდან წერს და ბათუმური ბავშვობიდან იმდენად ძლიერი შთაბეჭდილებები გამოჰყვა, რომ ერთ დღესაც ნინო გვალია, ფსევდონიმით ნინო ველი, მეზღაპრე გახდა. დღეს 50 ზღაპრის ავტორია. სულ ახლახან გამოვიდა მწერლის წიგნი „ზღაპრო-ბანი“, სადაც მისი მოთხრობები, მინიატურები და ზღაპრებია შესული.
ავსტრიაში მისი ჩასვლის მიზეზი ტრაგიკული ამბავი გახდა... მაშინ სასოწარკვეთისგან იხსნეს მეგობრებმა, ახლობელმა ადამიანებმა და იმ ამბებზე წერამ, რამაც ალბათ თავის დროზე მისი პიროვნება და სამყარო შექმნა...
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინო გვალია
- ქალბატონო ნინო, საუბრის დასაწყისში მინდა თქვენი ბათუმური ცხოვრება გაიხსენოთ. როგორი იყო ზღვისპირა ქალაქში გატარებული ბავშვობა?
- არასოდეს, ვერასდროს – ეს ძალიან ვერაგი სიტყვებია. და, მაინც, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ბათუმის გარდა ოდესმე შევძლებდი სხვაგან ცხოვრებას. მე ის ბათუმელი ვარ, რომელიც იმ ძველ კოლორიტს ეზიარა და შეიყვარა, რასაც ის ძველი, ნამდვილი ბათუმი ერქვა. დღეს ბათუმი ულამაზესია, მაგრამ მას აღარ აქვს ის თვითმყოფადობა, რითიც თვალს იტაცებდა და რომელსაც ვუმღერდით „ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაცს“... დღეს ჩემთვის ის რიგითი თანამედროვე ზღვისპირა ქალაქია, თუმცა მაინც მშობლიური. სამწუხაროდ, ბულვარიც აღარ არის ისეთი მშვენიერი და მომაჯადოებელი, როგორიც ადრე იყო. ბულვარი, სადაც იყო ტოპიარული ხელოვნების ნიმუშები ზღაპრული, მწვანე ცხოველებისა და ფიგურების სახით. მახსოვს ისინი ჩემს წარმოსახვაში როგორ ცოცხლდებოდნენ ხოლმე და თავიანთ თავგადასავალზე მიყვებოდნენ.
© photo: courtesy of Nino Gvaliaფოტო საოჯახო არქივიდან
ფოტო საოჯახო არქივიდან - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ფოტო საოჯახო არქივიდან
- რამდენიმე წლის განშორების მერე ბათუმში ჩამოსულმა რა იგრძენით?
- როდესაც რვა წლის განშორების შემდეგ ბათუმში ჩამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მოვხვდი უცხო ქალაქში, სადაც ჰაერი, სინათლე და სივრცე არ მყოფნიდა. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შევქმნა, თითქოს თანამედროვე ბათუმი არ მიყვარს, რადგან ვიცი, თუ რაიმე ან ვინმე გიყვარს, ის ყველაფრის მიუხედავად გეყვარება. ახლა ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე აქ და უკვე მივეჩვიე ქალაქის მიჯრილ და მაღლივ კორპუსებს, რაც ამ პატარა ქუჩებისთვის ის არტახებია, აქაურობას ჩვეულ სილაღეს რომ უკარგავს.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია და მისი მეგობარი ლალი კობახიძე
ნინო გვალია და მისი მეგობარი ლალი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინო გვალია და მისი მეგობარი ლალი კობახიძე
- რადგან თავის დროზე პრაქტიკული ფსიქოლოგიის შესწავლა გადაწყვიტეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, ასეა?
- ჩემი პროფესიის არჩევა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თვით ცხოვრებამ მიმიყვანა მასთან. ვოცნებობდი რადიოტექნიკურზე მესწავლა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ინსტიტუტში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ბათუმში დავრჩი. დავამთავრე ფილოლოგიური ფაკულტეტი და რადგანაც ძალიან მაინტერესებდა ფსიქოლოგია და პედაგოგიკა, ბოლოს ამ გზას გავყევი. მახსოვს, ბავშვობაში უფროსებიც კი მანდობდნენ თავიანთ საიდუმლოებებს და დარდს მიზიარებდნენ. ახლა ვფიქრობ და მიკვირს კიდეც - ნეტავ, რატომ მენდობოდნენ ასე. ბევრს უთქვამს - შენთან ვმშვიდდებიო. გარდა ამისა, შემიძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს გავუგო, მივიღო მისი პოზიცია და მისი დარდი გავითავისო. ალბათ ამ ყველაფერმა ჩემი პროფესიის არჩევანი განაპირობა.
© photo: courtesy of Nino Gvaliaშვილიშვილებთან ერთად
შვილიშვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
შვილიშვილებთან ერთად
- ვენაში გამოუვალი მდგომარეობის გამო ჩახვედით...
- ვენაში მე და ჩემი ოჯახის წევრები უმცროსი ვაჟიშვილის სამკურნალოდ ჩამოვედით. ძალიან განვიცდიდი აქ წამოსვლას, რადგან ბათუმში დარჩა ჩემი ქალიშვილი, რომელიც მაშინ ბავშვს ელოდებოდა და ჩვენი წამოსვლის შემდეგ 15 დღეში იმშობიარა კიდეც. რაც შეეხება უმცროსი ვაჟის მკურნალობას, დიდი ვერაფრით დამეხმარნენ. თუმცა ასეც ვფიქრობდი. მაგრამ სამაგიეროდ არ აკლდა წამლები და ექიმების ყურადღება, რასაც საქართველოში, სამწუხაროდ, მოკლებული ვიყავით. ჩემი ვაჟიშვილის პენსია 14 ლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც თვეში დაახლოებით ასი ლარის წამალი სჭირდებოდა. გარდა ამისა, მომეცა იმის საშუალება, რომ მუდამ მის გვერდით ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ჩემი უმცროსი შვილი ვენაში ჩამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა და აქ დავკრძალეთ, რადგან მაშინ სამშობლოში მისი ჩამოსვენება არ მოგვიხერხდა. შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ათი წელი იყო საჭირო იმისთვის, რომ გადმოსვენებაზე ნებართვა მიგვეღო. ასე შემოვრჩით ავსტრიაში. ამჟამად ეს ვადა ამოიწურა და ახლა ველოდები ხელსაყრელ პირობებს, რათა ჩანაფიქრი ავასრულო...
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინო გვალია
- რა მოგწოთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოწესრიგებულ ქვეყანაში და რა გეუცხოვათ?
- აქ ბევრი რამ მომწონს, რაც მინდა, რომ ჩემს სამშობლოშიც იყოს. მახსოვს, რომ აქ ჩამოსულებს ბევრი რამ გვეუცხოვა, მაგრამ თანდათანობით შევეჩვიეთ. მომწონს აქაურების თავაზიანობა, ისეთი, როგორიც ადრე ჩვენთან იყო. მომწონს ამათი დისციპლინა, წესრიგის სიყვარული და კანონმორჩილება. ქუჩაში არ ისმის ხმამაღალი საუბარი, მეზობლები ათი საათის შემდეგ ხმას უკლებენ ტელევიზორს და ცდილობენ არ იხმაურონ. მომწონს ტრანსპორტის მოძრაობის სიზუსტე და ბევრიც სხვა რამ. განსაკუთრებით პატივს ვცემ ავსტრიელებს იმის გამო, რომ მაქსიმალურად ცდილობენ თავის ენაში არ დაუშვან ნეოლოგიზმები და ბარბარიზმები და ამ სიტყვების შესაბამის სიტყვებს პოულობენ. ვერ ვეგუები? ალბათ მხოლოდ იმას, რომ კვირა დღეს ყველა მაღაზია დაკეტილია. აქ ძირითადად მედდად ვმუშაობდი. ინსტიტუტში სწავლისას გავიარე სამედიცინო მედდის ორწლიანი სწავლება და მქონდა საჭირო ცოდნა, რამაც ავსტრიაში ძალიან შემიწყო ხელი. ვმუშაობდი აგრეთვე რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ენის შემსწავლელ კურსებზე.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინო გვალია
- ბავშვობიდან წერთ და თურმე მცდელობა გქონიათ, რომ სკოლის დროს კლასიკოსის რომანიც დაგესრულებინათ...
- დიახ, უკვე მეხუთე-მეექვსე კლასიდან ვწერდი პატარ-პატარა მოთხრობებსა და ჩანახატებს. სამწუხაროდ, იმ პეროიდიდან მხოლოდ ორიოდე შემომრჩა. ვწერდი ლექსებსაც, მაგრამ, რამდენიმე ლექსის გამოკლებით, ჩემში პოეტი ვერ აღმოვაჩინე. მეექვსე კლასიდან რუსულ სკოლაში გადამიყვანეს და მეშვიდე კლასიდან უკვე რუსულად ვწერდი. რაც შეეხება კლასიკოსის რომანს, დღეს ეს ამბავი ღიმილით მახსენდება. მერვე კლასში გადავწყვიტე, რომ ნიკოლოზ ოსტროვსკის დაუმთავრებელი რომანი „ქარიშხლით შობილნი" დამესრულებინა. როცა 13 თავი დავწერე, ჩემი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნადეჟდა შურს ვაჩვენე. მან მოიწონა და განსაკუთრებით ორი თავი აღნიშნა, საკმაოდ მაღალ დონეზე გაქვს დაწერილიო, მაგრამ ამ რომანში აღწერილი მოვლენების გასაშუქებლად სათანადო ცოდნა არ მქონდა და წერის ოსტატობასაც არ ვფლობდი. ამის შემდეგ იმის მცდელობაც მქონდა, რომ დეტექტიური რომანი დამეწერა, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინო გვალია
- წერას ავსტრიაში მიუბრუნდით და ერთ დღესაც ფსიქოლოგი მეზღაპრედ გადაიქცა, ალბათ ეს უცებ არ მომხდარა?
- ჩემში თუკი რამ შეიცვალა, ეს არ მომხდარა აქ ჩამოსვლის გამო, მე ვფიქრობ, ცხოვრების გამოცდილებამ შემცვალა. ამდენი წლის მერე, მხოლოდ აქ ჩამოსულმა ავიღე კალამი ხელში, უფრო სწორად, კომპიუტერზე დავიწყე ტექსტის აკრეფა. კვლავ დეტექტივის ჟანრს მივაშურე და 5-6 თავის დაწერა მოვასწარი, როცა კომპიუტერი გამიფუჭდა და, სამწუხაროდ, ყველაფერი დაიკარგა. ყოველთვის სპონტანურად ვწერ ხოლმე და იმას, რაც აზრად მომდის. ზღაპრებს რაც შეეხება, ისინი ერთბაშად არ მოსულა ჩემთან. ამბების შეთხზვა ბავშვობიდან მიყვარდა, განსაკუთრებით მიყვარდა მამისეულ სოფელში ბავშვების შემოკრება და ჩემი მოგონილი ისტორიების მათთვის მოყოლა. საერთოდ, აქტიურად 2014 წლიდან ვწერ, არა მხოლოდ ზღაპრებს, მაგრამ ზღაპრები ყველაზე მეტად მიტაცებს.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალიას წიგნის გარეკანი
ნინო გვალიას წიგნის გარეკანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინო გვალიას წიგნის გარეკანი
- ვინ არიან თქვენი ზღაპრების გმირები?
- ჩემი ზღაპრების უცვლელი გმირები კეთილი, დიდსულოვანი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, ან კიდევ ის ფანტასტიკური ან რეალური არსებები, რომლებსაც ძალუძთ უანგარო ერთგულება. ისინი მუდამ ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს, იპოვონ ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ის მყარი ხიდი, რომელიც მათ არსებობის აზრს და სილამაზეს უჩვენებს.
- ნინო ველი - რატომ შეარჩიეთ ასეთი ფსევდონიმი?
- საერთოდ სხვადასხვა ფსევდონიმი მაქვს და ველი ერთი მათგანია. ველი - ეს სივრცეა, გაშლილი არე და იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს მინდორი და გაშლილი ველი. ბავშვობა კი უდარდელი და ხალისიანი მქონდა. მყავდა არაჩვეულებრივი მშობლები, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, კოლეგები... საქართველოდან მოყოლებული აქ გამომგზავრებამდე, ანუ 2005 წლამდე ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა არც ერთი კონფლიქტი ან უკმაყოფილება, არა იმიტომ, რომ არ მახსოვს, იმიტომ, რომ, ღვთის განგებით, ცხოვრების გზაზე და ჩემ ირგვლივ მუდამ თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ. ხშირად მახსენდება ჩემი მშობლები, მეზობლები, თანაკლასელები ქართული სკოლიდან. ავსტრია გარკვეულწილად ჩვენი სახლი გახდა, მაგრამ სამშობლო ადამიანს ერთი აქვს, ამიტომ ჩემი სიყვარული სამშობლოს მიმართ სულაც არ შეცვლილა. ჩემი ყოველი უჯრედით, ყოველი ფიქრითა და აზრით მუდამ საქართველოსთან ვარ. თუ მკითხავთ, რა ან ვინ მენატრება ყველაზე მეტად, პასუხი ერთი მექნება: უფალთან გამგზავრებული ჩემი შვილი...
 
ყველა ახალი ამბავი
0