08:59 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
332 0 0

 ქართული კულტურის ისტორიას ახსოვს ბევრი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უანგაროდ იდგა ხალხის სამსახურში.

ნოე ბარბაქაძე - ეს სახელი და გვარი შესულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გამოცემულ ენციკლოპედიაში, ქართველ ლოტბართა ნუსხაში. არაჩვეულებრივი ტენორი, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლში მამია ხატელიშვილსა და ანზორ კავსაძესთან ერთად მღეროდა. მან ბევრი რამ გააკეთა ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის.  

სიმღერის ნიჭი გამოჰყვა მის ქალიშვილებსაც, რომლებიც სცენაზე გამოდიოდნენ დუეტში „დები ბარბაქაძეები“. სხვათა შორის, ამ ტრიოს სიმღერა, თავის დროზე, რევაზ ლაღიძესაც მოუსმენია. მიუხედავად იმისა, რომ ნოე ბარბაქაძის ქალიშვილმა, თამარ ბარბაქაძემ ხელოვნებისგან შორს მდგარი პროფესია აირჩია, იმ ნათელი წარსულის კვალი მის ხსოვნას ლამაზი მოგონებების სახით შემორჩა და რაც მთავარია, მის პიროვნებაზეც სასიკეთოდ აისახა. დღეს სწორედ მას ვესაუბრებით და მამასა და ძველი დროის ამბებს გავახსენებთ.

თამარ ბარბაქაძე
photo: courtesy of Tamar Barbakadze
თამარ ბარბაქაძე

- ქალბატონო თამარ, ხელოვანთა ოჯახში დაიბადეთ და სანამ მამაზე,  ცნობილ ლოტბარზე მოგვიყვებით, ბავშვობა მინდა გაგახსენოთ...

- ჩვენს ოჯახშიც ყველა ვმღეროდით, მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე. მეორე კლასში ვიყავი, როდესაც საჩხერის კულტურის სახლში რეჟისორმა, გივი მოდებაძემ და კომპოზიტორმა ზელიმხან ცაბაძემ საბავშვო ოპერა „ქაჯანა"დადგეს. იქ მე და ჩემი ორი წლით უფროსი და, ხათუნა ვმღეროდით. როცა გავიზარდეთ მამას გული დავწყვიტეთ, რადგან ხელოვნების სფერო არცერთმა ავირჩიეთ.

თამარ ბარბაქაძე
photo: courtesy of Tamar Barbakadze
თამარ ბარბაქაძე

- თქვენი მამა ზემო იმერეთში ცნობილი ლოტბარი იყო...

- ბავშვობიდან მიხაროდა და მეამაყებოდა, რომ ჩვენს კუთხეში ცნობილი ლოტბარის, ნოე ბარბაქაძის შვილი ვარ. ნიჭიერი ადამიანი და გამორჩეული ბედის კაცი იყო. საუბრის მისეული მანერა, არაჩვეულებრივად ჟღერადი ხმა და გამორჩეული გარეგნობა- ასეთი გახლდათ მამა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანმა ხალხური სიმღერა ზემო იმერეთში ლამის ყველას შეაყვარა და შეასწავლა. მისი სიმღერის პედაგოგები იყვნენ უდიდესი კორიფეები: სანდრო კავსაძე, ვანიჩკა ხატელიშვილი, მარო თარხნიშვილი, მიხეილ სებუა... არაჩვეულებრივი ტენორი გახლდათ და სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა. იყო არა ერთი კონკურსის ლაურეატი და მრავალგზის გამარჯვებული.

ქალიშვილთან და სიძესთან ერთად
photo: courtesy of Tamar Barbakadze
ქალიშვილთან და სიძესთან ერთად

- ბავშვობაში დასთან ერთად დუეტში გამოსვლა სად გიწევდათ?

- იმ პერიოდში, რაიონში, არცერთი კულტურული ღონისძიება არ ჩატარებულა ჩვენი დუეტის „დები ბარბაქაძეები" გარეშე. ხშირად გამოვდიოდით ოლიმპიადებზე, გასტროლებზეც დავდიოდით. ჩვენ ვიცნობდით ცნობილ მომღერალს, ნუგზარ ვალერიანო გამგებელს, რომელიც დღეს იტალიაში მოღვაწეობს. მასთან ერთად არაერთხელ გვიმღერია და ამ ამბავს სიხარულით ვიხსენებთ. ჩვენს ოჯახში კომპოზიტორთა კავშირიდან ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრები, მათ შორის  კომპოზიტორი რევაზ ლაღიძეც იყო. მამა ბევრ მუსიკოსს იცნობდა და ბევრ მათგანთან მეგობრობდა.

თამარ ბარბაქაძე
photo: courtesy of Tamar Barbakadze
თამარ ბარბაქაძე

- მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მაინც სხვა პროფესია აირჩიეთ...

- მე სამრეწველო საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე და საქონელმცოდნედ, ინჟინერ-ნორმადარად ვმუშაობდი. წარმატებით გავიარე სტაჟირების ატესტაციის კურსი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფირმა "აჭარსაგარროსერვისის" სასაქონლო ექსპერტად დავინიშე. შემდეგ ი.ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში ლექტორად ვმუშაობდი, დოცენტი გახლდით. წელს ჩემი ცხოვრების 64-ე დაბადების დღე ავღნიშნე. გამოდის, რომ დედაზე მეტი ვიცოცხლე. სულ ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, რომ მას, ასე ახალგაზრდას, 31 წლის ასაკში არ დავეტოვებინეთ... დედა მორწმუნე ადამიანი იყო, დიდი ბაბუა, დავითი, მოძღვარი. მახსოვს, თავის დროზე როგორი პროტესტი გამიჩნდა როცა აღდგომა დღეს ეკლესიაში შესვლა აგვიკრძალეს.  

შვილიშვილთან ერთად
photo: courtesy of Tamar Barbakadze
შვილიშვილთან ერთად

- ოჯახი როგორ შექმენით?

- ბედის ირონიას დავარქმევდი ჩემს სიყვარულთან შეხვედრას თელეთში, უმაღლეს კომკავშირულ სკოლაში "ბორის ძნელაძე" სწავლის დროს. იქ იძულებითი მივლინებით აღმოვჩნდი. ღმერთს მადლობა, რომ სასაყვედურო არაფერი მაქვს. ჩვენმა შეხვედრამ გაამართლა და ტკბილი ოჯახი შევქმენით. გვყავს ორი არაჩვეულებრივი გოგო და ოთხი შვილიშვილი. ასე მიდის ცხოვრება. ადამიანის მთავარი თვისებები, რაც მას თავიდანვე ჩამოუყალიბდა, ვფიქრობ, ცხოვრების ბოლომდე გაყვება. ჩემ შემთხვევაში  მთავარი თვისება სიბეჯითეა. თუმცა როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს, ბევრი ნაკლიც მაქვს. გარეგნულად ამაყი ვჩანვარ, თუმცა ამპარტავნებას ვერავინ დამწამებს. ასაკთან ერთად, ბოლო დროს ვაჩნევ, სენტიმენტებიც მომემატა...

თამარ ბარბაქაძე
photo: courtesy of Tamar Barbakadze
თამარ ბარბაქაძე

- როგორც გავიგე, ნოე ბარბაქაძემ პირადი ტრაგედიის მერეც არ შეწყვიტა პროფესიულ სცენაზე სიმღერა, ასეა?

- დიახ, მამამ ამ სფეროში მოღვაწეობა მეუღლისა და შვილის გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვიტია, რადგან ის ნამდვილი პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული კაცი იყო. სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან სიმღერა მისთვის ყველაფერი იყო... დედამ მხოლოდ რვა წელი გაუძლო შვილის, ჩემი უფროსი ძმის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს. არადა, სანამ ტრაგედია მოხდებოდა, მანამდე ყველანი ბედნიერები ვიყავით ოჯახში, სადაც სულ სიმღერა და მხიარულება იყო.

თამარ ბარბაქაძე
photo: courtesy of Tamar Barbakadze
თამარ ბარბაქაძე

- როგორ ფიქრობთ, კონკრეტული დრო, ეპოქა ახდენს გავლენას ადამიანის პიროვნებაზე?

- მე ვფიქრობ, რომ ახდენს... გვიან რომ დავბადებულიყავი და არა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 12 წლის შემდეგ, ალბათ სხვანაირი ვიქნებოდი. ხშირად ვცდილობ, რომ გავარღვიო ის ჯებირები, რომელსაც საბჭოთა მენტალობა ჰქვია. როცა სულნათელმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ერის გამოფხიზლება დაიწყეს, მე და ჩემმა მეუღლემ, პირველებმა მოვისროლეთ პარტიული მანდატები და... მაშინ „ზვიადისტებად" მოვინათლეთ. იქიდან მოყოლებული, არცერთი ეპოქალური მოვლენა, დიდი და პატარა პროტესტიც კი, რომელიც ჯანსაღად მიმართულია არსებული მანკიერების წინააღმდეგ, გულგრილს არ მტოვებს და თავს ვალდებულად ვთვლი, დავდგე იქ, სადაც ქართველი ქალი, დედა და ბებია უნდა იდგეს...

თამარ ბარბაქაძე
photo: courtesy of Tamar Barbakadze
თამარ ბარბაქაძე

- ადამიანის არსი მის დამოკიდებულებებსა და პრიორიტეტებში ვლინდება...

- მომწონს თანამედროვე ახალგაზრობა, მათი აზროვნების და თავისუფლების ხარისხი, შეცდომა მგონია, როცა მხოლოდ მძინარეს შვილებს ჰკოცნიან, ვერ ვიტან უადგილო მაღალფარდოვნებასა და ბარბარიზმებს. დასავლური კილო-კავი არ დამიკარგავს, რადგან ძალიან  ორგანულია, მიმაჩნია, რომ განმარტოება ზოგჯერ დოპინგია. მიყვარს წიგნების კითხვა, რასაც სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს ჩემთვის. კიდევ,  სოფელი მიყვარს, ოღონდ, წუთი რომაა, ეგ არა...

 

მთავარი თემები