14:34 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (116)
127140

ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ მოსკოვში მცხოვრებ ახალგაზრდა, წარმატებულ ონკო-ქირურგს დიმიტრი ახალაძეს. ამ სფეროში ის ღირსეულად აგრძელებს ცნობილი მამის, ონკო-ქირურგ გურამ ახალაძის მიერ დაწყებულ გზას.

თავის დროზე მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემია დაამთავრა. სამუშაო გამოცდილება მიიღო მოსკოვის სამეცნიერო ცენტრში და აკადმიკოს შუმაკოვის სახელობის ტრანსპლანტოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. დიმიტრი ახალაძე დღეს წარმატებით მუშაობს ისეთ რთულ, სპეციფიკურ დარგში, როგორიცაა ღვიძლის ტრანსპლანტაცია და ბავშვთა ონკოქირურგია. არის ავტორი წიგნისა „ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბავშვებში“. მასალაში საკუთარ პროფესიულ გზასა და ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

დიმიტრი ახალაძე
დიმიტრი ახალაძე

- ბატონო დიმიტრი, თავშივე მინდა გკითხოთ, რომ არა ამ სფეროში წარმატებული მამის ფაქტორი, აირჩევდით ამ პროფესიას?

- თუ მოკლედ გიპასუხებთ, არ ვიცი. რომ არა მამა და ბაბუა, პროფესიის არჩევაში ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება, შესაძლებელია, არც მიმეღო. მამა ჩემთვის ადრეული ბავშვობიდან მისაბაძი მაგალითი იყო, ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი. ამიტომ გადაწყვეტილება, რომ ქირურგი გავმხდარიყავი, ლამის სამი წლის ასაკში მივიღე. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა ვიცოდი, რომ ბაბუა, გერმანე ახალაძე ცნობილი ქირურგი იყო.

ცნობილი ქირურგი გერმანე ახალაძე
photo: courtesy of Dimitri Akhaladze
ცნობილი ქირურგი გერმანე ახალაძე

- სკოლა მოსკოვში დაამთავრეთ?

- დიახ, მე დავამთავრე მოსკოვის 35-ე სკოლა, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტებზეა ორიენტირებული. თუმცა პირველი ორი კლასი თბილისის 55-ე სკოლაში დავხურე. დედაჩემი ყოველთვის იმეორებს, გარემო განაპირობებს ცნობიერებასო და მეც სრულიად ვეთანხმები. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ საშუალება მომეცა ურთიერთობა მქონოდა ღირსეულ ადამიანებთან - როგორც მოსკოვში, ისევე თბილისში. ჩემი ოჯახიდან გამომყვა რწმენა, ბედნიერებისა და სიხარულის განცდა და ის ფასეულობები, რასაც ჩემმა მშობლებმა მაზიარეს. 

სტუდენტობის დროს
სტუდენტობის დროს

- თქვენი პროფესიული კარიერა 35 წლის ასაკში წარმატებით შედგა, რა გზა გაიარეთ იქამდე?

- მადლობელი ვარ, მაგრამ, იმედია, ეს გზა ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამივლია. სრულყოფილ პროფესიონალად რომ ჩამოვყალიბებულიყავი, ტრადიციული ეტაპები გავიარე, რაც გულისხმობს სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს მორიგეობებს, ქირურგიაში კვირაში ორჯერ ღვიძლის გეგმიურ ტრანსპლანტაციის ოპერაციებში მონაწილეობას და ა.შ. ჩატარებულმა ოპერაციებმა, რომლის დროსაც პაციენტების ნაწილი ბავშვები იყვნენ, წარმატებამ თუ წარუმატებლობამ, მიღებულმა გამოცდილებამ იმაში დამარწმუნა, რომ ორგანოების ტრანსპლანტაცია არის ის, რასაც მინდა მთელი ცხოვრება მივუძღვნა და რის გამოც ღირდა ჩემი ამ სამყაროში გაჩენა. შემდეგ გამიტაცა ონკოლოგიის სფერომ როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. არატრადიციული მარტო ის იყო, რომ ქირურგიაში ჩემი ჩამოყალიბება უფრო რთულით – ტრანსპლანტაციით დაიწყო.

ოპერაციაზე
ოპერაციაზე

- კონკრეტულად რისი სწავლა მოახერხეთ პროფესიული განვითარების მანძილზე?

- თითქმის ყველაფერი სწორედ იმ პერიოდში შევისწავლე. ესაა მოზრდილებსა და ბავშვებში ორგანოების, უპირატესად ნათესაური და გვამური ტრანსპლანტაცია. კუჭუკანა ჯირკვლის გადანერგვა თირკმელთან ერთად და მის გარეშე, წვრილი ნაწლავის ტრანსპლანტაცია და ფილტვის ტრანსპლანტაცია. ჯერ კიდევ სტუდენტობისას სიღრმისეულად ვსწავლობდი ღვიძლის ონკოქირურგიას, ნაღვლის სადენებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ონკოქირურგიას მოზრდილებსა და ბავშვებში. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.

დიმიტრი ახალაძე
დიმიტრი ახალაძე

- რაში თვლით, რომ გაგიმართლათ?

- ონკოლოგიით გატაცების მომენტისთვის უკვე დაგროვილი მქონდა რთულ ქირურგიულ ავადმყოფებთან მუშაობის გამოცდილება. რაც შეეხება გამართლებას, პროფესიული გზის მანძილზე საოცრად მიმართლებდა პედაგოგებში. მინდა ჩამოვთვალო ისინი: სერგეი გოტიე, ედუარდ კიმი, მკრტიჩ კარაპეტიანი, იან მოისიუკი, მიხეილ დავიდოვი და მთავარი – მამა, გურამ ახალაძე.

დიმიტრი ახალაძე მასწავლებელ აკადემიკოს გოტიესთან ერთად
photo: courtesy of Dimitri Akhaladze
დიმიტრი ახალაძე მასწავლებელ აკადემიკოს გოტიესთან ერთად

- ამ ეტაპზე რომელ ძირითად ამოცანას გაართვით თავი?

- აღსანიშნავია, რომ მოზრდილი პაციენტების ქირურგიაში დაგროვილი ცოდნის გამოყენებამ ბავშვებშიც გაამართლა. კერძოდ, ღვიძლის სიმსივნეების შემთხვევაში ჩვენი მიღწევები დღეს ბავშვთა ონკოქირურგიაში უნიკალურია მსოფლიოს მაშტაბით. იმ შედეგებს, რომლის მისაღწევად ადრე ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალად ითვლებოდა, დღეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ რეზექციით მივაღწიოთ. ასეთი ოპერაციების ნაწილს უკვე ლაპარასკოპიური მეთოდით ვასრულებთ. არადა, ჯერ კიდევ ახლო წარსულში ეს წარმოუდგენლად ითვლებოდა. ტრანსპლანტოლოგიაში მუშაობის პერიოდში გამოვეცი სერიოზული ნაშრომი - დიდი წიგნი ბავშვებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შესახებ. ეს ჩემთვის დაახლოებით იმავეს ნიშნავდა, რაც მუსიკოსისთვის საკუთარი დისკის გამოშვება წარმოადგენს.

დიმიტრი ახალაძის წიგნის „ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბავშვებში“ გარეკანი
დიმიტრი ახალაძის წიგნის „ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბავშვებში“ გარეკანი

- რა არის აუცილებელი მკურნალობის სრულფასოვანი შედეგის მისაღწევად ბავშვთა ონკოლოგიაში?

- სრულფასოვანი ონკოლოგიური სამსახურის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ძალიან ბევრი სპეციალისტის, კერძოდ, ბავშვთა ონკოლოგების, ქირურგების, ანესთეზიოლოგების, რეანიმატოლოგების ერთობლივი ძალისხმევა. აგრეთვე პაციენტებისა და მათი მშობლების ფაქტორსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ პაციენტებმა და ექიმებმა ერთ ენაზე ისაუბრონ და ამით ერთმანეთს გარკვეული დახმარება გაუწიონ. 

გურამ და დიმიტრი ახალაძეები
გურამ და დიმიტრი ახალაძეები

- რამდენად დამაიმედებელია სტატისტიკა?

- ბავშვების სწორი მკურნალობის აღმოჩენის შემთხვევაში სიმსივნით დაავადებული პაციენტების გამოჯანმრთელების პროცენტი 85%-ს უახლოვდება, რაც აშკარად კარგი შედეგია. დღეს ჩვენ უკვე გაგვაჩნია შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რათა მომავალში უკეთეს მაჩვენებელს მივაღწიოთ.

გამარჯვების სიხარული - პატარამ მკურნალობის ურთულესი კურსი გაიარა და დღეს ჯანმრთელია
photo: courtesy of Dimitri Akhaladze
გამარჯვების სიხარული - პატარამ მკურნალობის ურთულესი კურსი გაიარა და დღეს ჯანმრთელია

- ექიმის ხალათის გარეშე როგორია თქვენი ცხოვრება?

- იმდენად ვარ ჩემს საქმიანობაში ჩართული, რომ თეთრი ხალათის გარეშე ცხოვრებისთვის ნაკლები დრო მრჩება. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და ორი მომხიბვლელი გოგონა, რომლებიც სიცოცხლეს მილამაზებენ, კიდევ კარგი სამეგობრო, რომელთან ერთადაც სამსახურისგან თავისუფალ იშვიათ მომენტებს სიამოვნებით ვატარებ.

- როგორც ექიმს, სასწაულების თუ გჯერათ?

- ჩემს პრაქტიკაში ბევრ საინტერესო, უჩვეულო შემთხვევას ჰქონია ადგილი, კონკრეტულად რაიმეს გახსენება გამიჭირდება. მთავარია, რომ ამ წლების მანძილზე ერთ რამეში დავრწმუნდი: ღვთის წყალობით, სასწაულები მედიცინაში მუდმივად ხდება...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (116)

მთავარი თემები