21:40 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
323 0 0

დღეს რომ წარმატებულია ამას მამის, თავისი კუთხის და იმ სიყვარულის დამსახურებად თვლის, რომლის წყალობითაც ცხოვრებაში ყველაფერი გადალახა...

ლაშა ბოლქვაძე -ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე და აჭარის სამრწველო-სავაჭრო პალატის მრჩეველი. ფლობს იაპონურ ენას, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ცხოვრება მუდმივად განახლების რეჟიმში უწევს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მისი ინტერესთა სფერო მომავალში გაიზარდოს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, მთავარია, ყველა შემთხვევაში ისინი საქართველოს უკავშირდება...

ლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე

- ლაშა, სოფლის სახელმაც სიმბოლურად ხომ არ იქონია გავლენა იმაზე, რომ თქვენი ცხოვრება ყველა ეტაპზე მუდმივი განახლებაა?

- დიახ, შეიძლება ასეც იყოს... სოფელი განახლება (ყადიოღლები) აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში- ხულოს რაიონშია. ეს ის ადგილია, სადაც დავიბადე, სასიამოვნო მოგონებებითა და ბავშვური თავგადასავლებით სავსე ბავშვობა გავატარე. სკოლაც იქვე დავამთავრე. ეს ის ადგილია, რომელმაც მომცა რწმენა, თავდაჯერებულობა, გამბედაობა და უდიდესი მოტივაცია, რომ არა მხოლოდ ჩემი ულამაზესი კუთხიდან, ჩემი პატარა სამოთხიდან, არამედ ჩემი ქვეყნიდანაც წავსულიყავი იმისათვის, რომ მიმეღო სამომავლო პერსპექტივისათვის საჭირო განათლება და უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ისევ ჩემი ქვეყნისათვის გამოვიყენებდი.

ლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე

- ადამიანს ხასიათის ძირითადი თვისებები ბავშვობიდან მოყვება, დღევანდელ წარმატებაში რა პიროვნული თვისებები დაგეხმარათ?

- ყოველ ადამიანში არის დადებითი და უარყოფითი თვისებები, რომელიც ასაკთან, განვითარებასთან, სოციალურ გარემოსა და სხვა ფაქტორებთან ერთად იცვლება. ამ საკითხზე ვრცლად არ ვისაუბრებ, შორს წაგვიყვანს, ამიტომ ვეცდები რამდენიმე ხასიათობრივი თვისება დავასახელო, რომლებიც დამეხმარა განვითარებაში და წარმატების მიღწევაში. ესენია: მიზანდასახულობა და დაუღალავი შრომა ამ მიზნის მიღწევისთვის. ამ თვისებების გარეშე წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იღბლიანობას. რამდენადაც წარუმატებელი უნდა იყოს მცდელობა, მას არასდროს ვნებდები. უფრო ძლიერი, მეტი გამოცდილებით ვიწყებ მიზნისკენ სვლას. კიდევ ერთი თვისება, რომელიც მეხმარება ცხოვრებაში -თვითგანვითარებაზე მუდმივად ზრუნვაა. ასევე უმნიშვნელოვანესია პოზიტიური აზროვნება, რომელიც არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რაიმეს მიმართ ნეგატიურად განვეწყო. მახასიათებს პასუხისმგებლობის განცდა, რაც ყველაზე მეტად მოითხოვს ნებისყოფას და რომელიც, ჩემი აზრით, ადამიანში ბავშვობის ასაკიდანვე უნდა ინერგებოდეს. პასუხისმგებლობის განცდის გარეშე ყველა საქმე წაგებულია.

ლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე

- წარმატებული მომენტების ჩამოთვლა აჭარის სავაჭრო პალატაში თქვენი საქმიანობით დავიწყოთ...

- ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის დამსახურებაა, ჩემი წარმატება იმაშია, რომ მე ამ გუნდის წევრი ვარ. დღეის მდგომარეობით აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა საკმაოდ განვითარებული და წარმატებულია, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ. სწორედ მისი დამსახურებაა ქვეყანაში ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ინვესტორების მოზიდვა და რაც მთავარია, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება.

ლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე

- ახალგაზრდა ბიზნესმენების დასახმარებლად რეალურად რისი გაკეთება შეიძლება?

- ბევრი რამის გაკეთება შეიძლება შეიძლება, მაგალითად: ახალგაზრდა ბიზნესმენთა ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება, ამ სფეროში ახალგაზრდა კადრების ჩართვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა. ინტერესის სფეროს ფარგლებში კონსულტაციის გაწევა. სამომავლო გეგმების დაგეგმვა, გაანალიზება, გამოკვლევა, გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრაში მათი დახმარება. სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი ბიზნესის მწარმოებლებთან დაკავშირება, მათი გაცნობა და ურთიერთობის გაღრმავება. ეს ყველაფერი ახალგაზრდა ბიზნესმენებს სამომავლოდ დაეხმარება სწორი სტრატეგიის შერჩევასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, რაც წარმატების გარანტია.

ლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე

- ვინ არის ადამიანი, ვის რჩევებსაც ყოველთვის ითვალისწინებდით?

- ეს ადამიანი ჩემი მამაა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, თუმცა მის თანაარსებობას ნებისმიერ საქმიანობაში მუდმივად ვგრძნობ. მახსოვს და ყოველთვის ვითვალისწინებ მის რჩევა-დარიგებებს, სწორედ ამის წყალობით ვარ მე დღეს ის, ვინც ვარ. სხვათა შორის, იაპონიისადმი ჩემი დაინტერესებაც მამას დამსახურებაა.

ლაშა ბოლქვაძე იაპონიაში
ლაშა ბოლქვაძე იაპონიაში

-რადგან იაპონიას შევეხეთ, როგორ ფიქრობთ, იაპონიაში ცხოვრების ორმა წელმა რა გასწავლათ?

-მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, იაპონია ყველაზე შთამბეჭდავია თავისი კულტურით, ენით, ისტორიითა და ღირებულებებით. სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყნის ღირებულებებთან შეხება აუცილებლად გვასწავლის რაიმეს ახალს, დაგვაფიქრებს და ბევრ საკითხს სხვანაირად დაგვანახებს. ჩემში დიდ პატივისცემას იწვევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური აღმასვლისა და გლობალური განვითარებისა, მათი კულტურული ღირებულებები არ შეცვლილა და ისინი დღევანდელ დღემდე უცვლელი სახით მოიტანეს. ასევე გავიხსენებ იმას, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა- იაპონელები თუკი ქუჩაში სხვის დაგდებულ ნაგავს დაინახავენ (რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა), აუცილებლად აიღებენ მას და თუკი გზად ნაგვის ურნა არ შეხვდებათ, სახლამდეც მიიტანენ-ეს კი უდიდესი კულტურისა და დიდი მოქალაქეობრივი შეგნების გამოხატულებაა.

ლაშა ბოლქვაძე იაპონელ სტუმართან ერთად
ლაშა ბოლქვაძე იაპონელ სტუმართან ერთად

-თქვენს სოფელზე თქვით, რომ „დღეს თუ ხვალ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად აქ იქნება ბოლო გაჩერება“...

- მე არ მეგულება ადგილი ჩემს პატარა კუთხეზე ლამაზი. იქ არის ჩემი ფესვები. აუხსნელი განცდაა, თითქოს ბუნება იქეთ მეძახის, მუდამ მაგნიტივით მიზიდავს. ამ ადგილმა მასწავლა „ჭირსა შიგან გამაგრება“, რამაც დღემდე მომიყვანა და წარმატებული გამხადა. სწორედ ამიტომ არის, რომ მე აქ ვგრძნობ თავს სულიერად მშვიდად და განტვირთულად, თუ უფალი ინებებს და სიბერით ტკბობის საშუალება მექნება, ვისურვებდი, რომ უკანასკნელი წლები იქ გავატარო. მინდა ჩემი ულამაზესი კუთხის მშვენების ტკბობით, ბავშვობის მოგონებებით, მიღწეული წარმატებებით, მზრუნველ, თბილ და ერთგულ თანასოფლელებთან ურთიერთობით გავილამაზო ცხოვრება...

ლაშა ბოლქვაძე ოჯახთან ერთად
ლაშა ბოლქვაძე ოჯახთან ერთად

- სამყაროში ყველაფერი სიყვარულით იწყება და თქვენი ცხოვრებაც არ არის გამონაკლისი...

- დიახ, ყველაფერი სიყვარულით იწყება. სიყვარული აიძულებს ადამიანს, რომ იმოქმედოს. ის ზრუნვის სურვილს გვიჩენს, გამოსავალს გვაპოვნინებს ნებისმიერი მდგომარეობიდან, საქმის კეთების ძალასაც ის გვაძლევს და მას აუცილებლად მივყავართ წარმატებისკენ. იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი ძალიან რთული გზა გამოვიარე. გზად ბევრი იმედგაცრუება, მარცხი, გასაჭირი და წინააღმდეგობა შემხვდა. ეს ყველაფერი სიყვარულის ძლიერმა განცდამ გადამალახინა...

 

მთავარი თემები