21:04 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
68040

მშობლიური სოფლის, ყანდაურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად 22 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. როგორც იხსენებს: აქედან დაიწყო მისი „ცხოვრებისეული გამოცდა და ძირითადი ადამიანური მისიის შესრულება“.

დღეს ლია შენგელიძე ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორია. მისი სკოლის მოსწავლე–მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა პროექტებში. სკოლა ინკლუზიური სწავლების კუთხითაც გამოირჩევა. ქალბატონი ლია ასევე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია და მისი ლექსები იბეჭდება ჟურნალ „ათინათში“. ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის წევრიცაა და ახლახან აღნიშნულმა ორგანიზაციამ ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მას იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია მიანიჭა.

კიდევ ერთი ერთი გატაცება აქვს ცხოვრებაში - ყვავილები, რაც მისთვის „ყოფითი ყოველდღიურობიდან ერთგვარი „ლირიკული გადახვევაა“...

ლია შენგელიძე
ლია შენგელიძე

- ქალბატონო ლია, რა ადგილი უჭირავს სკოლას თქვენს ცხოვრებაში?

- სკოლა ჩემი ნავსაყუდელი, ჩემი მეორე ოჯახია. სწორედ სკოლას უკავშირდება ჩემი ცხოვრების მრავალი შინაარსიანი ფურცელი. ის სულთა სამჭედლოა, სადაც მაქვს მთავარი პერსონის როლის შემსრულებლის პატივი. სკოლის გარეშე არსებობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. როცა ხნულში სასიკეთო მარცვალს დებ, დრო მოსავლის მოწევამდე, მოლოდინი შრომის შედეგისა სიცოცხლეს გილამაზებს, გრძნობ, რომ ცხოვრობ, ვიღაცას სჭირდები და არსებითს ემსახურები. ბავშვები - ეს მთელი სამყაროა და ამ სამყაროს სიახლოვეს ბედნიერი ვარ.

ლია შენგელიძე თავის ყვავილების ბაღში
ლია შენგელიძე თავის ყვავილების ბაღში

 - სანამ დირექტორი გახდებოდით, სკოლაში ფაქტობრივად მთავარ საგანს - ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდით, პროფესიონალურად რა შეგძინათ იმ პერიოდმა?

- მაშინ 22 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლიური სოფლის ყანდაურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრებისეული გამოცდა და ძირითადი ადამიანური მისიის შესრულება. ჩემ პროფესიულ განვითარებაში ლომის წილი მიუძღვით ჩემს ყოფილ მასწავლებლებს: დედას, ყანდაურის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს, დალი ბეჟაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ცხოვრებაძეს, გეოგრაფიის მასწავლებელს, ეთერ კუმელაშვილს, ბიოლოგიის მასწავლებელს, მაყვალა ჩოთალიშვილს, კიდევ მრავალს, ასევე ჩემს ახალგაზრდა მეგობარ-კოლეგებს, უპირველესად კი - ბავშვებს.

ლია შენგელიძე საქმიანობის დროს
ლია შენგელიძე საქმიანობის დროს

- ასწავლო და ამასთან თავადაც ისწავლო - სკოლა ორმხრივი პროცესია?

- დიახ, ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ მე არ ვასწავლიდი, ბავშვებისგანაც ბევრს ვსწავლობდი. დღემდე მომდევს მოსწავლეებისგან მონიჭებული კმაყოფილება, რომელსაც ჩემი შრომის შედეგი იწვევდა, სითბო, სიყვარული, რომელსაც მათგან ვგრძნობდი. დღეს ისინი სხვადასხვა სფეროს წარმატებული მუშაკები არიან; ექიმები, მასწავლებლები... ასე ვთქვათ, ჩემი პედაგოგიური დებიუტი ყანდაურის საჯარო სკოლას უკავშირდება, სადაც „სულიერი მწვრთნელის“ პირველი და, ამასთანავე, წარმატებული ნათლობა მივიღე. გაკვეთილებზე შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟასა და სხვა კლასიკოსთა შემოქმედების გაცნობა-განხილვამ, მათში განფენილმა ეროვნულმა ღირებულებებმა მე და ჩემი მოსწავლეები სულიერი ძაფებით დაგვაკავშირა ერთმანეთს.

ლია შენგელიძე სამუშაო კაბინეტში
ლია შენგელიძე სამუშაო კაბინეტში

- ყველაზე უჩვეულო გაკვეთილი გაიხსენეთ...

- მაშინ მასწავლებლად სულ რაღაც ორი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა. მე-7 კლასში გაკვეთილზე დამესწრნენ დედა და დირექტორი. გაკვეთილის თემა იყო ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ხმელი წიფელი“. ვღელავდი, ვცდილობდი, როგორმე თავი ხელში ამეყვანა, დედისკენ არ გამეხედა, მშობლის ფაქტორი განსაკუთრებით მოქმედებდა, ვფიქრობდი, როგორ შეაფასებდა გაკვეთილის მსვლელობას. თანდათან ისე შევიჭერით საგაკვეთილო როლებში, რომ მე და ჩემს მოსწავლეებს „სტუმრები“ გადაგვავიწყდა. მშვენიერი გაკვეთილი გამოვიდა. როცა დედას შევხედე, სახეზე სიხარული და კმაყოფილება შევნიშნე. დირექტორმა ძალიან შემაქო, დედამ კი ჩვეული სიტყვაძუნწობით, ორიოდე წინადადებით მითხრა, ყოჩაღ, კარგად გიმუშავიაო. განსაკუთრებული კმაყოფილება კი ეტყობოდათ ბავშვებს, რომლებმაც მთელი ძალისხმევა მიმართეს იქითკენ, რომ არ შერცხვენილიყვნენ. მერე თვითონ მითხრეს, ძალიან მაგრები ვართ, მასწავლებელო, თქვენიანად, სხვანაირად როგორ იქნებოდაო. ჩემთვის ეს გამოცდა გაკვეთილი უფრო იყო.

ლია შენგელიძე თავის ყვავილების ბაღში
ლია შენგელიძე თავის ყვავილების ბაღში

- დღეს უკვე სხვა სტატუსით შედიხართ სკოლაში, ნინოწმინდის სკოლის დირექტორი ბრძანდებით, მოგვიყევით თქვენს სკოლაზე...

- სკოლის დირექტორობა გაორმაგებული პასუხისმგებლობაა. ნინოწმინდის საჯარო სკოლას, სადაც 220 მოსწავლეა, თავისი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო კულტურა აქვს. აქ ასწავლიან პროფესიონალი პედაგოგები: მენტორი მასწავლებელი მანანა როსტომაშვილი, ექვსი წამყვანი მასწავლებელი: ანა მარგიანი (სასწავლო ნაწილის გამგე), ნაირა ნარინდოშვილი, ლეილა ფაფიაშვილი, თეონა გივიშვილი, ნაირა ხარგალაძე, თამარ დიღმელაშვილი, უფროსი მასწავლებლები. თითოეული მათგანი დიდი პასუხისმგებლობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. მოსწავლე -მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა პროექტებში. სკოლა გამორჩეულია ინკლუზიური სწავლების კუთხითაც, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს პროფესიონალი პედაგოგი მარიამ ყორღანაშვილი. გვაქვს კეთილმოწყობილი, შესაძლებლობების ფარგლებში, სათანადოდ აღჭურვილი სპეციალური ოთახი. თუ მომავალში გაუმჯობესდება სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, მრავალი სიახლის დანერგვა შეიძლება.

ლია შენგელიძე სამასწავლებლოში
ლია შენგელიძე სამასწავლებლოში

- როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის სკოლა?

- პატრიოტულ-კოსმოპოლიტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სასწავლო–სააღმზრდელო ორგანიზაციად, მაღალკვალიფიციური კადრებით, გამართული ინფრასტრუქტურითა და სწავლა-სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი უნარ-შესაძლებლობების გამოვლენას ზედმიწევნით შეძლებს.

- თქვენს კლასგარეშე საქმიანობასაც შევეხოთ, ვიცი, რომ ესთეტი ხართ, გიყვართ ყვავილები და პოეზია...

- ყვავილები ჩემთვის ყოფითი ყოველდღიურობიდან ერთგვარი „ლირიკული გადახვევაა“, ფერებსა და სილამაზეში გამოხატული სამყაროა, საშუალებაა, რომელიც მამაღლებს და სასიცოცხლო ენერგიას მმატებს. ყვავილების მოვლა, დარგვა-დათესვა დაღლილობისგან მათავისუფლებს. ჩემს ბაღში უამრავი ყვავილია, ძირითადად - ვარდები. გამორჩევით მიყვარს და სიწმინდე-სინაზის ასოციაციას მიქმნის თეთრი ვარდი. ჩემი ყოველი დილა ყვავილებით იწყება... პოეზიას კი გატაცებას ვერ დავარქმევ, ის ჩემეულია. ჩემი სული, გული და გონებაა სამზეოს ნაზიარები. პოეზია ჩემი „მეორე მეა“, რომელიც უფალთან განსაკუთრებულ სიახლოვეს მაგრძნობინებს, ბედისწერასავით დამდევს და არსად, არასოდეს მტოვებს. ბედნიერებაა, რომელსაც სახელს ვერ დავარქმევ!..

ლია შენგელიძე
ლია შენგელიძე

- მუზას მანამდე დაუმეგობრდით, სანამ ამას გააცნობიერებდით?

- დიახ, ლექსებს ბავშვობიდან ვწერ და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ვაქვეყნებდი. ისინი ხშირად იბეჭდებოდა რაიონული გაზეთის „ივრის განთიადის“ (ამ გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტიც ვიყავი), „ლიტერატურული საქართველოსა“ და სხვა პერიოდულ ორგანოთა ფურცლებზე. დღეს ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა  მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის წევრი ვარ. აკადემიის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის დამაჯილდოვეს მადლობის ბარათით, ჩემი ლექსები აკადემიის ჟურნალ „ათინათის“ ფურცლებზე ქვეყნდება. აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა ლიტერატურულ ჯგუფებთან. ჩემი ორი კრებული მალე იხილავს დღის სინათლეს. მათი გამოცემა გარკვეული მიზეზების გამო შეფერხდა. ჩემი რამდენიმე ლექსი სიმღერადაა აჟღერებული.

მამა ვახტანგი ნინოწმინდის საჯარო სკოლის კოლექტივთან სტუმრად
მამა ვახტანგი ნინოწმინდის საჯარო სკოლის კოლექტივთან სტუმრად

- როდის დუმს ხოლმე პოეტი ქალი?

- ამ კითხვაზე გიპასუხებთ ჩემი ერთი ლექსით „მე ვდუმვარ“:

მე ვდუმვარ, მაგრამ ჩემი დუმილი

იმ ამოთქმულზე უფრო მეტია,

შენ რომ სიტყვებად გადამიშალე,

გულში რომ გრძნობად ვერ დაგეტია.

მე ვდუმვარ, როგორც შორი ვარსკვლავი,

ცაზე ციმციმით გადალეული

და ამ დუმილით გიცხადებ გრძნობას,

გრძნობას, რომლითაც მე ვარ ძლეული...

 

მთავარი თემები