22:53 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
49120

„გამუდმებით ფიქრობ, რა შეიძლება შექმნა ისეთი, ერთხელ შერჩეულ სტილს რომ მოერგო, მერე არ გადაუხვიო მას და არავის დაემსგავსო“ – ამ ეტაპზე ლილი მიქელაშვილი, რომელმაც მამასთან ერთად საოჯახო ბიზნესი წამოიწყო, ამ ჩანაფიქრს კარგად ახორციელებს.

მათი სილუეტური ფორმის ორიგინალური ნივთები და ინტერიერის დეკორი, განსაკუთრებით, მინიმალისტური ხელოვნების მოყვარულთა ყურადღების ცენტრში ხვდება და დიდ მოწონებას იმსახურებს. სილუეტი ყველაფერს აქვს, მთავარია, ამ გზით დამზადებული ნივთი ლამაზიც იყოს და ფუნქციონალურიც. ამ შემთხვევაში ორივე პირობა დაცულია.

ლილი მიქელაშვილი
ლილი მიქელაშვილი

- ლილი, როგორ დაიწყო თქვენი საოჯახო ბიზნესი?

- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენით დაინტერესებისთვის. ჩვენს ბიზნესში მე და მამა ვართ. ის პროფესიით ელექტროშემდუღებელია. როცა ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში მუშაობა ვეღარ გააგრძელა. სამსახურის მიტოვების შემდეგ გადაწყვიტა ჩემი იდეის განხორციელება და საოჯახო ბიზნესის შექმნა. დღეს ამ პროდუქციას ერთობლივი ძალით ვქმნით.

ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები
ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები

- რატომ შეარჩიეთ თქვენი ნაწარმისთვის სილუეტური ფორმა?

- ჩვენი ნამუშევრების დიზაინისთვის ინსპირაცია წამოვიდა სოციალურ ქსელში ნანახი ლარნაკიდან. როცა ამ სფეროში შეაბიჯებ, გამუდმებით ფიქრობ, რა შეიძლება შექმნა ისეთი, ერთხელ შერჩეულ სტილს რომ მოერგო, მერე არ გადაუხვიო მას და არავის დაემსგავსო. ამჟამად თანამედროვე დანადგარების არქონის გამო, რისი საშუალებაც გვაქვს, ვცდილობთ, ყველასთვის სასურველი და ჩვენთვის შესაძლებელი დეკორი შევქმნათ.

ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები
ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები

- ჩემი აზრით, ძირითადად მაინც ორიგინალური მინიმალიზმის მოყვარულთა ბრენდი ხართ...

- დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. ვთვლით, რომ მინიმალიზმი არის სტილი, რაც ყველანაირ ინტერიერს ერგება, გადატვირთული დეტალების გარეშე. სწორედ ამ სტილს ვინარჩუნებთ ბოლომდე, ესაა სილუეტური ხელწერა.

ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები
ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები

- მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, გავმარტოთ, ძირითადად ამზადებთ სილუეტურ დეკორს: ქოთნების დეკორატიულ სადგამს, სხვადასხვა ფორმის ყვავილების ლარნაკებს, ჟურნალების თაროებს... ყველაზე მეტად რაზეა მოთხოვნა?

- ამჟამად ზემოთ ჩამოთვლილ დეკორზე ვმუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი, ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც ლარნაკებზეა. კონკრეტულად ერთ-ერთ ლარნაკზე, რამაც, შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მიზეზი ისაა, რომ იგი სტანდარტული დიზაინისა და ზომისაა, რის გამოც თვალს ძალიან ლამაზად ხვდება. ამიტომ ჩვენი მომხმარებლები მისით უფრო ინტერესდებიან.

ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები
ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები

- ამ ნამუშევრებში სახალისო დეტალებიც შეიმჩნევა, რაც შესაბამის განწყობას ქმნის...

- ყველაზე დადებითი ემოციები მოდის სილუეტურ ხილის კალათზე, რომელსაც ძროხის ფორმის თავი აქვს. ზომითაც საკმაოდ მოზრდილია და, როგორც ჩანს, მნახველებში ყველაზე მეტ დადებით ემოციას იწვევს.

ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები
ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები

- მასალასაც რომ შევეხოთ, ვიცი, რომ ეკოლოგიურად სუფთა საღებავს იყენებთ, მაგრამ თავად კარკასი რა მასალისგანაა?

- ჩვენი თითოეული სილუეტი დამზადებულია მეტალის კონსტრუქციისგან. აწყობის შემდეგ კი მომხმარებლის სურვილის მიხედვით იღებება იმ ფერით, რა ფერიც მათ სურთ. ძირითადი მოთხოვნა მაინც სტანდარტულად შავ ფერზეა.

ლილი მიქელაშვილის ნამუშევარი
ლილი მიქელაშვილის ნამუშევარი

- ტექნიკურად როგორ მზადდება და რამდენად რთულია?

- სილუეტი მზადდება ხელით, დანადგარების გარეშე. მეტალის დაჭრიდან დაწყებული, ფორმის მიცემითა და შეღებვით დასრულებული ყველა სამუშაო ხელით სრულდება. გარკვეულ სირთულეებს გამუდმებით ვაწყდებით, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მომხმარებლის მიერ შემოთავაზებულ დიზაინზეც, იქნება ეს საკიდები თუ სხვადასხვა დეკორი, სწორედ ამის გამო ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს შესაძლებლობებს მათი სურვილები მოვარგოთ, რა თქმა უნდა, მათთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები
ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები

- სამომავლოდ როგორი სილუეტის მიხედვით აპირებთ დეკორის ან რამე ნივთის შექმნას?

- ამჟამად ვმუშაობთ სილუეტური სანათების იდეაზე, იდეები ბევრია და ძალიან მალე თითოეული მათგანი, უკვე ნივთად ქცეული, დღის სინათლეს იხილავს. ვცდილობთ ჩვენი ნაწარმი ორიგინალური იყოს და ყოველთვის კრეატიულობით გამოირჩეოდეს.

ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები
ლილი მიქელაშვილის ნამუშევრები
 

- და კრეატიული იდეები როგორ ჩნდება ხოლმე?

- „კრეატორის დღიურის“ ავტორის კოტე იანტბელიძის სიტყვებით რომ გიპასუხოთ: „იდეები ტვინში ქაოსის გაწვრთნით იბადება“. მით უფრო ისეთი იდეები, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. ვთვლით, რომ ყველაფერი წინაა და დასახულ მიზნამდე აუცილებლად უნდა მივიდეთ. 

 

მთავარი თემები