ქაღალდისგან შექმნილი საუცხოო ნივთები ქართველი ხელოვანისგან

© photo: courtesy of Maia Papuashviliმაია პაპუაშვილი
მაია პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
მაია პაპუაშვილი პროფესიით იურისტია, თუმცა ამ ეტაპზე სრულიად განსხვავებული საქმიანობით არის დაკავებული. რამდენიმე წლის წინ ქაღალდით დაწვნის ხელოვნებით დაინტერესდა და ამ ტექნიკას წარმატებით დაეუფლა.

მისი პირველი ნამუშევარი ფეხსაცმლის ფორმის კალათი იყო. შემდეგ „ამოცანა გაართულა“ და საკმაოდ დიდი ზომის საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება დაიწყო. პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. სწორედ ამ დროს დაეუფლა პროფესიონალურ დონეზე ქაღალდით დაწვნის ხელოვნებას და ხელსაქმე შემოსავლის წყაროდ აქცია.

© photo: courtesy of Maia Papuashviliმაია პაპუაშვილი
ქაღალდისგან შექმნილი საუცხოო ნივთები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
მაია პაპუაშვილი

- პროფესიით იურისტი ვარ, ამჟამად ვმუშაობ, მაგრამ არა ჩემი პროფილით. საერთოდ სხვა სფეროში ვმოღვაწეობ, მოცეკვავე ვარ. 11 წელი მივუძღვენი ქართული ცეკვის ხელოვნებას. ბოლო რამდენიმე წელი ანსამბლ „ერისიონში“ ვცეკვავდი, თუმცა საბოლოოდ მაინც სწავლა ვარჩიე, რადგან ორივე ერთად არ გამოდიოდა. ყველაზე მეტად რაც მიტაცებს და განტვირთვის საშუალებას მაძლევს, სწორედ ცეკვაა. ამას გარდა ვწერ ლექსებს. სტუდენტობის პერიოდში ძალიან ხშირად მქონდა პერსონალური საღამოები სხვადასხვა ლიტერატურულ სივრცეში. ჩემი ლექსები აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთებში, იწერებოდა რეცენზიები... ახლაც ვწერ, თუმცა უკვე ჩემთვის.

© photo: courtesy of Maia Papuashviliქაღალდისგან შექმნილი საპურე
ქაღალდისგან შექმნილი საუცხოო ნივთები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ქაღალდისგან შექმნილი საპურე

- ქაღალდით დაწვნის ხელოვნებას როდის დაეუფლეთ და რამდენად რთულია ამ მიმართულებით მუშაობა?

- ქაღალდით დაწვნის ხელოვნებას პირველად რამდენიმე წლის წინ გავეცანი სრულიად შემთხვევით. მანამდე ჩემს აგარაკზე წნელით ვწნავდი ღობეებს, ფაცხას და ა.შ. ამიტომ მეტ-ნაკლებად მოწვნის ტექნიკაში გარკვეული ვიყავი. ეს კი მამას დამსახურებაა, რადგან ბავშვობაში შემასწავლა და, როგორც ყოველთვის, ცოდნა არასდროს იკარგება. სირთულეს რაც შეეხება, ადვილი ნამდვილად არ არის, საკმაოდ შრომატევადი პროცესია, დროც ბევრი მიაქვს და ძალისხმევაც.

© photo: courtesy of Maia Papuashviliქაღალდისგან შექმნილი კალათი
ქაღალდისგან შექმნილი საუცხოო ნივთები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ქაღალდისგან შექმნილი კალათი

- საკმაოდ დიდი ზომის ნივთებსაც ქმნით. როგორ ხდება ქაღალდის დამუშავება და რამდენად გამძლეა ეს ნივთები?

- ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა ჩემთვის, რადგან ხშირად მომხმარებელს ჰგონია, რომ ქაღალდისგან დამზადებული ნივთი ძალიან ფაფუკი და ერთჯერადია. თუმცა ვინც იცის და იყენებს, დამემოწმება, რომ ძალიან მყარი და პრაქტიკულია. მაგალითად, წნელით ნაქსოვი, რაც უფრო დრო გადის, ხმება და იშლება, ქაღალდის შემთხვევაში კი პირიქით არის. რაც დრო გადის, მით უფრო მყარდება, ხესავით მკვრივი ხდება. მე მაქვს მოწნული ნივთები, რომლებსაც უკვე წლებია ვიყენებ და ახალივით გამოიყურება. მათი გაწმენდა სველი ტილოთიც შეიძლება. ქაღალდის დამუშავება კი ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. ჯერ ახვევ დაჭრილ ქაღალდს, შემდეგ ღებავ, ამუშავებ სპეციალური ხსნარით, რომ იყოს დრეკადი და ელასტიკური, შემდეგ კი იწყებ მუშაობას.

© photo: courtesy of Maia Papuashviliქაღალდისგან შექმნილი საპურე
ქაღალდისგან შექმნილი საუცხოო ნივთები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ქაღალდისგან შექმნილი საპურე

- რა დროს ანდომებთ ნივთის შექმნას? რამდენად საფრთხილოა ქაღალდთან მუშაობა და რა ძალისხმევას, დროს მოითხოვს თითოეული ნივთის გაკეთება?

- გააჩნია ნივთის ზომას და სირთულეს. ქაღალდი საფრთხილო ნამდვილად არ არის, რადგან დამუშავების შემდეგ ისეთი ელასტიკური ხდება, რომ ფაქტიურად არ ზიანდება მუშაობის პროცესში. დროის ფაქტორიც ნივთის ზომიდან გამომდინარეობს. არის ნივთები, რასაც ერთი კვირა სჭირდება, ზოგს – ერთი საათი და ა.შ. მე ხარისხიანი მუშაობა მიყვარს, ამიტომ ყოველ დეტალს ვაკვირდები. მქონდა შემთხვევა, როცა მთხოვდნენ გამეკეთებინა რაოდენობრივად ბევრი, მაგრამ დაბალი ხარისხის, ერთჯერადი გამოყენებისთვის, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ფიზიკურად არ შემიძლია ასე მუშაობა. ხარისხი ჩემთვის უპირატესია.

© photo: courtesy of Maia Papuashviliქაღალდისგან შექმნილი ხახალი
ქაღალდისგან შექმნილი საუცხოო ნივთები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ქაღალდისგან შექმნილი ხახალი

- რომელი იყო ყველაზე რთული ნივთი, რაც გაგიკეთებიათ?

- თავისებურად ყველა ნივთს თავისი სირთულე აქვს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მერთულა, ეს იყო საბავშვო ეტლის ფორმის კალათი ყვავილებისთვის, მოსიარულე ბორბლებით. დიდი დრო დამჭირდა და ბევრი ნერვები, თუმცა ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ დღემდე ვინახავ და, დიდი მოთხოვნის მიუხედავად, არ გამიყიდია.

- იქნებ პირველი ნამუშევარიც გაიხსენოთ, როგორი გამოგივიდათ და კმაყოფილი დარჩით თუ არა პირველი შედეგით?

- პირველად ფეხსაცმლის ფორმის კალათი გავაკეთე (თავიდანვე რთულს შევეჭიდე), თასმებით იკვრებოდა და საკმაოდ ორიგინალური იყო. პირველი ცდისთვის ნამდვილად კარგი გამოვიდა, თუმცა ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა, დასახვეწი იყო.

© photo: courtesy of Maia Papuashviliქაღალდისგან შექმნილი საპურე
ქაღალდისგან შექმნილი საუცხოო ნივთები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ქაღალდისგან შექმნილი საპურე

- თქვენ მიერ შექმნილი ნივთებიდან რომელია განსაკუთრებით პოპულარული?

- განსაკუთრებით მოთხოვნა გამოჩნდა საპურეზე და აბაზანის კალათებზე. ახლა სააღდგომო კალათებზეც მომემატა შეკვეთები – თემატურია და ამიტომ. სააღდგომო კვერცების, პასკის დასალაგებლად ვწნავ კალათებს.

- სხვა ხელსაქმეც გეხერხებათ თუ მხოლოდ ქაღალდისგან ქმნით ხელნაკეთ ნივთებს?

- ქაღალდის გარდა შემიძლია ძველი, გამოუყენებელი ავეჯის განახლება ან გადაკეთება. მაგალითად, შარშან ძველი პიანინო დავშალე და ე.წ. „ბუფეტი“ გავაკეთე ჩუქურთმებით. დეკორატიული ბუხრებიც გამიკეთებია საახალწლოდ.

© photo: courtesy of Maia Papuashviliქაღალდისგან შექმნილი სამზარეულოს აქსესუარები
ქაღალდისგან შექმნილი საუცხოო ნივთები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ქაღალდისგან შექმნილი სამზარეულოს აქსესუარები

- პანდემიამ რა გავლენა იქონია თქვენს საქმიანობაზე?

- როგორც გითხარით, ქაღალდზე წლების წინ დავიწყე მუშაობა, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო განტვირთვის პროცესი იყო და ჩემს ნამუშევრებს ძირითადად მეგობრებს ვჩუქნიდი. პამდემიის პერიოდში, ვინაიდან თავისუფალი დრო უფრო ჭარბად მქონდა, აქტიურად დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა. უფრო დავხვეწე ნამუშევრები და მეტი ცოდნა შევიძინე ამ კუთხით. ერთ დღეს ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მირჩია, რომ ამ საქმისთვის უფრო სერიოზული სახე მიმეცა, მეორე მეგობარმა „ფეისბუქზე“ გვერდი გამიკეთა და ასე დაიწყო ჩემი წარმატებაც. თავადაც არ ველოდი, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა და ამდენ მოწონებას დაიმსახურებდა ჩემი ნამუშევრები. ახლა უფრო დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებ ჩემ საყვარელ საქმეს.

- სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ?

- ძალიან ბევრი მწერს, რომ სასწავლო კურსები გავხსნა და სწორედ ამაზე ვფიქრობ. ახლა ჯერ დრო არ მყოფნის. ასევე მინდა საკუთარი მაღაზიის გახსნა, სადაც „მანინას“ ნივთები გაიყიდება და დაამშვენებს მომხმარებლის ინტერიერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0