რაზე ოცნებობს ცნობილი სპორტული კომენტატორი

© photo: Nodar Simsive / FBნოდარ სიმსივე
ნოდარ სიმსივე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
სპორტულ ჟურნალისტსა და კომენტატორ ნოდარ სიმსივეს წლების განმავლობაში პირდაპირი რეპორტაჟები Setanta Sports Georgia-ზე მიჰყავდა. დღეს ის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს უძღვება.

ფეხბურთი და, ზოგადად, სპორტი კომენტირების, გახმოვანების გარეშე არაფერი იქნებოდა. ქართველებს ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. დიდი სიამოვნება იყო საფეხბურთო მატჩის ყურება, როდესაც მას ეროსი მანჯგალაძე ან კოტე მახარაძე გადმოსცემდნენ. არ შეიძლება დაგვავიწყდეს დიმიტრი ობოლაძე, რომელმაც თავისი ხმის ტემბრით თაობებს შეაყვარა თავი.

ბოლო პერიოდში ასპარეზზე ბევრი ქართველი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი გამოჩნდა, მათ შორის არის ნოდარ სიმსივე.

© photo: Nodar Simsive / FBნოდარ სიმსივე
რაზე ოცნებობს ცნობილი სპორტული კომენტატორი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ნოდარ სიმსივე

მან თეატრიდან სპორტულ ჟურნალისტობამდე გზა სულ მალე გაიკვალა და მაყურებლისთვის ერთ-ერთ საყვარელ კომენტატორად იქცა. მისი ემოციურობა და მუხტი მატჩის მიმდინარეობისას განსაკუთრებულია. გამორჩეულია ნოდარის პატრიოტიზმი, რაც დღეს განსაკუთრებით იგრძნობა. ის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს უძღვება და თავისი განსხვავებული სტილით, შეიძლება ითქვას, გულშემატკივრის დიდი ნაწილი ქართული ფეხბურთისკენ მოაბრუნა.

როგორც ნოდარმა „Sputnik-საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნა, მას თეატრალური განათლება დღევანდელ პროფესიაში ძალიან დაეხმარა. ქართველმა კომენტატორმა მის ემოციურობაზე, კარიერულ ოცნებებსა და უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

© photo: Nodar Simsive / FBნოდარ სიმსივე
რაზე ოცნებობს ცნობილი სპორტული კომენტატორი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ნოდარ სიმსივე

- პირველი ინტერესი ფეხბურთისა და პროფესიის მიმართ...

- როგორც ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი, ამ სპორტის ყურებასთან ერთად ბავშვობიდან ოცნებობ იმაზე, რომ თვითონ გაახმოვანო საყვარელი გუნდის ან ფეხბურთელის თამაში. თუმცა მე ჩემი საყვარელი ფეხბურთელის თამაშის გახმოვანება ვერ შევძელი. ვგულისხმობ რაულს. როდესაც კომენტატორი გავხდი, ის უკვე წასული იყო აქტიური ფეხბურთიდან. ასევე ვერ მოვასწარი თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების თამაშები წამეყვანა, რომელშიც გიორგი ქინქლაძე, ძმები არველაძეები და სხვა ქართველი ვარსკვლავები თამაშობდნენ. პირველი საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ვუყურე, ეს იყო 1998 წლის მუნდიალზე ესპანეთი–ნიგერიის დაპირისპირება, სწორედ აქედან მოვიწამლე ფეხბურთით. სხვათა შორის, ამ მატჩში გოლი სწორედ რაულმა შეაგდო.

© photo: Nodar Simsive / FBნოდარ სიმსივე
რაზე ოცნებობს ცნობილი სპორტული კომენტატორი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ნოდარ სიმსივე

- რატომ სპორტული ჟურნალისტობა? - გზა თეატრიდან კომენტატორობამდე...

- ჩემ შემთხვევაში ამ ნაბიჯის გადადგმა სწორედ თეატრალურში ჩაბარებამ დააჩქარა. თეატრალურ უნივერსიტეტში, როდესაც ტექსტებთან და როლთან შეხება მომიწია, კიდევ უფრო სხვა თვალით დავიწყე ფეხბურთის ყურება. ჩემთვის რეჟისორისა და მსახიობის ურთიერთობა ძალიან ჰგავს ფეხბურთელისა და მწვრთნელის ურთიერთობას. მახსოვს, უნივერსიტეტში ერთ-ერთ საგანში უნდა დამეწერა თემა და დავწერე საფეხბურთო ტაქტიკა, სადაც ფეხბურთელები და მსახიობები, მწვრთნელები და რეჟისორები შევადარე ერთმანეთს. პირველ კურსზე ვიყავი, დედაჩემმა ე.წ. „ლატარიის“ თანხა აიღო, მაჩუქა და მითხრა, რაც გსურს შეიძინეო. წავედი და ვიყიდე დიქტოფონი, რათა საკუთარი თავი პრაქტიკაში გამომეცადა. დავდიოდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მატჩებზე დასასწრებად და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს ვიწერდი. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი სადღაც გამომადგებოდა, არ შეიძლება შრომა დაიკარგოს-მეთქი. ასე აგიხდეთ ყველაფერი და რამდენიმე წლის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო პროექტი „კომენტატორი“, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და ჩემი თავგადასავალიც მაშინ დაიწყო. 

- დიმიტრი ობოლაძის როლი თქვენს კარიერაში

- ამ ყველაფრის გვირგვინი ნამდვილად ჩემი უფროსი მეგობარი დიმიტრი ობოლაძეა. დიმა რომ მისმენდეს, ალბათ გამიბრაზდებოდა, თუმცა მას ტყუილად არ ვაქებ. ჩვენ „სეტანტაში“ გავიცანით ერთმანეთი, იქიდან მოყოლებული თავის გამოცდილებას, დამოკიდებულებებს მიზიარებს ხუმრობა-ხუმრობით, იუმორითა და ლაღი მიდგომით. სასიხარულოა, რომ დღემდე ერთად ვმუშაობთ, ტელეკომპანია „იმედში“ ერთად ვაკეთებთ გადაცემებსა და სიუჟეტებს.

© photo: courtesy of Nodar Simsiveნოდარ სიმსივე
რაზე ოცნებობს ცნობილი სპორტული კომენტატორი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ნოდარ სიმსივე

- როგორი უნდა იყოს სპორტული კომენტატორი?

- სკოლის პერიოდში, როდესაც თეატრალურზე ჩაბარება გადავწყვიტე, აქტიურად დავიწყე წიგნების კითხვა, მათ შორის, ფეხბურთზე. ამ პერიოდში უკვე გავიღრმავე ცოდნა ჩემი პროფესიის მიმართ. როდესაც მეკითხებიან, თუ რა არის კომენტატორისთვის მნიშვნელოვანი, ყოველთვის ვპასუხობ - ზოგადი განათლება, ლიტერატურის კითხვა არის მთავარი რეცეპტი. აღარაფერს ვიტყვი ფეხბურთის ცოდნაზე, ეს თავისთავად საჭიროა, თუმცა არ შეიძლება კომენტატორი მხოლოდ სპორტული ტერმინებით შემოიფარგლოს.

© Photo: Nodar Simsive / FBნოდარ სიმსივე
რაზე ოცნებობს ცნობილი სპორტული კომენტატორი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ნოდარ სიმსივე

- რეპორტაჟების დროს განსაკუთრებული ემოციებით გამოირჩევით, ზოგიერთს ეს ხელოვნურად ეჩვენება...

- ვისაც ამის გაგება არ სურს, ვერც ვერასდროს გაიგებს. ხელოვნურად და არტისტულად შეიძლება წაიყვანო სამი ან ოთხი რეპორტაჟი, მაგრამ წლების განმავლობაში ამის კეთება უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ ადამიანი ამ საქმეს ვერ გრძნობს, არ სტკივა და არ უყვარს, თუ ბავშვობაში ერთხელ მაინც ფეხბურთი არ უთამაშია, ამას ვერ მიხვდება. შესაბამისად, არ ვაპირებ რაღაცები ვამტკიცო. ჩემთვის რეპორტაჟი იწყება მოედნის გვირაბიდან, საიდანაც ფეხბურთელები გამოდიან, ეს ემოციები გადამდებია. როგორ შეიძლება დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე „ნაპოლი“–„იუვენტუსის“ დაპირისპირებას უყურო და ეს ემოცია არ გადაგედოს. რა ვქნა, ასეთი ემოციური, იმერელი კაცი ვარ და სხვანაირად არ შემიძლია.

- ოცნების მატჩი, რომელსაც პირდაპირ ეთერში წაიყვანდით?

- ჩემი ოცნებაა, ოდესმე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში წავიყვანო. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრის კომენტირებას საქართველოს ნაკრების მატჩის წაყვანას ვამჯობინებდი, თუნდაც ეს იყოს ნაკლები მნიშვნელობის, ამხანაგური შეხვედრა. მე მჯერა, რომ ჩვენი ნაკრები უახლოეს მომავალში შეძლებს ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას და დიდი სიამოვნებით სწორედ ამ შეხვედრას გავახმოვანებდი. ნებისმიერი ქართული კლუბის ევროპულ, წარმატებულ მატჩს გავუძღვებოდი, ეს ჩემს ოცნებად რჩება და იმედი მაქვს, ამიხდება.

- წამყვანი ჩემპიონატების მატჩები მიგყავდათ, დღეს კი საქართველოს შიდა ჩემპიონატის მატჩებზე მუშაობთ, სადაც საფეხბურთო ტემპი და ხარისხი ბევრად დაბალია. რთულია ეროვნული ლიგის მატჩების გახმოვანება?

- რთული არ არის, პირიქით, უფრო სასიამოვნოა. პირველ რიგში ამის მთავარი პლუსი და დადებითი მხარე ის არის, რომ რეპორტაჟები პირდაპირ მოედნიდან მიგყავს. ეს კომენტატორისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. მე ამ სპორტზე იმდენად ვარ შეყვარებული, რომ ნებისმიერი მატჩი, სადაც ბურთი გაგორდება, ჩემთვის უკვე საინტერესოა. თავს არ ვიბრმავებ, რა თქმა უნდა, „მილანის“, „იუვენტუსის“ და სხვა დიდი გუნდების შეხვედრების წაყვანა უდიდეს სიამოვნებას მგვრის, თუმცა არც ჩვენს შიდა ჩემპიონატზე მუშაობაა ნაკლებად სასიამოვნო. როცა შენ თვალწინ ფეხბურთელები დარბიან და თამაშის კითხვის საშუალება გაქვს, ეს უდიდესი ბედნიერებაა.

- თქვენი აზრით, საქართველოში ფეხბურთი რა დონეზეა და გამოჩნდა თუ არა განვითარების გზა?

- კარგი იქნება, თუ საქართველოში მაყურებელი მოედანს მასობრივად დაუბრუნდება, ამით გაცილებით მაღალ სანახაობას ვიხილავთ და გაცილებით მაღალ შედეგსაც მივიღებთ. ჩვენ თუ ველოდებით საქართველოში სათამაშოდ მესი ან ინიესტა როდის ჩამოვა, ე.ი. ფეხბურთი არ გვიყვარს. ისევ თეატრს მოვიყვან მაგალითად: ცარიელ პარტერში ვერ გაიზრდებოდნენ ალ პაჩინო და შონ პენი, ცარიელ თეატრში ვერ გაიზრდებოდა ვერც რამაზ ჩხიკვაძე. ბევრი კარგი თამაში მინახავს ბათუმში ანგისის ბაზაზე, სადაც მაყურებელმა ტრიბუნები გაავსო. ფეხბურთელი გულშემატკივარზე რომ იწყებს თამაშს, ამაზე სასიამოვნო არაფერია, რაც ესპანეთთან შეხვედრაშიც ძალიან კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, ჩვენთან არიან მწვრთნელები, რომლებიც მაძლევენ იმედს, რომ ქართული კლუბები განვითარდებიან. ამის ნათელი მაგალითია ახალგაზრდა მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0