09:32 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
354 0 0

საქართველო რომ მდიდარია უნიკალური კურორტებით, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. იმუნიტეტის გაძლიერება, ორგანიზმის გაკაჟება, ან უბრალოდ სულიერი განტვირთვა, განსაკუთრებით, პანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის.

ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი კურორტი ბორჯომია, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ნაყოფიერად დაისვენოთ, სუფთა ჰაერი ისუნთქოთ, ამასთან უნიკალური სამკურნალო წყლის აბაზანებით გაიკაჟოთ სხეული. ჟურნალისტმა და მწერალმა დადუნა ნადარაიამ ახლახან იმოგზაურა ამ ულამაზეს კურორტზე და ჩვენს მკიხველს საკუთარი ემოციები და რჩევები გაუზიარა.

დადუნა ნადარაია. ბათუმი
photo: courtesy of Daduna Nadaraia
დადუნა ნადარაია. ბათუმი

- მიმდინარე პანდემიამ, შიდაიზოლაციამ, შეზღუდვებმა, ქვეყანაში ისედაც მძიმე სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, რამაც ყველა ადამიანზე მოახდინა გავლენა, მათ შორის ჩემზეც. რთული და დამღლელი დღეების შემდეგ თბილისთან ახლოს ბუნებაში ყოფნა და განტვირთვა მინდოდა, ამიტომ არჩევანი ბორჯომზე შევაჩერე და კურორტისკენ ავიღე გეზი. მინდა დაწვრილებით გიამბოთ, თუ როგორ დამხვდა ეს ულამაზესი კურორტი წვიმიანი მარტის თვის ბოლოს.

დილიდან წვიმდა. ქალაქი და მის გარშემო მდებარე უალამაზესი მთები ნისლში იყო ჩაძირული. ვფიქრობ, ნებისმიერი  ტურისტისათვის სასიამოვნოა ნისლიან ქალაქში ფეხით სიარული. მინდოდა თითოეული წუთით დავმტკბარიყავი, არც ერთი წამი არ დამეკარგა, ამიტომ ბარგი სასტუმროში დავტოვე და, რადგან წვიმას უკვე გადაეღო, ქალაქში სასეირნოდ გავეშურე.

დადუნა ნადარაია
photo: courtesy of Daduna Nadaraia
დადუნა ნადარაია

- სანამ თქვენს ემოციებს გაგვიზიარებთ, რას ურჩევთ ბორჯომში დასვენების მსურველებს, სად დარჩნენ ღამის გასათევად, დასასვენებლად?

- მე პირადად სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ გავჩერდი. ეს სასტუმრო ერთ-ერთი საუკეთესოა. ხედი ჩემი ფანჯრიდან, სასტუმროს ინტერიერი, კვება, მომსახურება, აუზი, სპა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები – ყველაფერი  იდეალურია. პანდემიის გამო ფასდაკლებით სამ ადამიანზე ნომრის ღირებულება 250 ლარს შეადგენდა. ფასში შედიოდა დილის საუზმე, სადილი, ვახშამი. უგემრიელესმა კერძებმა და მომსახურებამ ძალიან მოგვხიბლა მე და ჩემი მეგობრები.

თუმცა ქალაქში არაერთი საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა მომსახურების ხარისხით და შედარებით დაბალი ფასებით. ამასთან, ბორჯომში შესაძლებელია, ადგილობრივებისგან იქირაოთ პატარა, კომფორტული აპარტამენტები, რაც გაცილებით იაფი დაგიჯდებათ. აქ ფასები 30-დან 150 ლარამდე მერყეობს, გააჩნია პირობებს, კვებას და ა.შ.

- მიმდინარე პანდემიამ თითოეულ ადამიანს დაასვა დაღი. რამდენად იცავენ ქალაქში რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზომებს, მითითებებს? მაღაზიებში, სასტუმროებში, კვების ობიექტებში არის თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული?

- რეკომენდაციით გათვალისწინებული ნორმები დაცული იყო როგორც ქალაქში, ასევე სასტუმროში, მაღაზიებში და ა.შ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ბორჯომში მოგზაურობა სასიამოვნო და უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, ქალაქის ქუჩებში სეირნობისას სევდა შემოგაწვება, რადგან პანდემიის გამო ტურისტები არ არიან, მაგრამ ამ რეალობის შეცვლა მხოლოდ იმით შეგვიძლია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ზუსტად შევასრულოთ რეკომენდაციით გათვალისწინებული წესები და შევეცადოთ დღეები გავაფერადოთ ბუნებაში გასვლით, მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს.

სასტუმრო ,,ბორჯომი პალასი
photo: courtesy of Daduna Nadaraia
სასტუმრო ,,ბორჯომი პალასი"

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, რა ადგილები დაათვალიერონ ბორჯომში?

- საბედნიეროდ, ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით. ლაშქრობის მსურველებს შეგიძლიათ მოინახულოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვის აღკვეთილი, ლომის მთა, კახისის ტბა, წეროს ტბა, მეღრუკის ხეობა. სამწუხაროდ, უამინდობის გამო ამ ადგილების დათვალიერება ვერ შევძელი. ბორჯომი ასევე გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ შეძლებთ მოინახულოთ ისეთი უძველესი ისტორიული და კულტურული ძეგლები, როგორიცაა მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბნის მონასტერი, ფოთოლეთის ეკლესია, დაბის წმინდა გიორგის ეკლესია, პეტრეს ციხე, დვირის ციხე, ყვიბისის ბერის საყდრების ეკლესია და ა.შ.

მწვანე მონასტერი
მწვანე მონასტერი

ულამაზესი სანახავია მწვანე მონასტერი, რომელიც ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. ძეგლი მეცხრე საუკუნით თარიღდება. მეცნიერთა აზრით, ის ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.

ბორჯომთან ახლოს არის ულამაზესი ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, რომელიც მე-12–მე-13 საუკუნეების მიჯნაზე აუგიათ სოფელ ტიმოთესუბანში. ტაძარი თვალწარმტაც ბუნებაშია ჩაკარგული. მას პანდემიამდე უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა. იმედია მომავალში კვლავ უამრავი ქართველი და უცხოელი ტურისტი შეძლებს მის მონახულებას.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ბორჯომიდან ისე არ წამოხვიდეთ, რომ არ მოინახულოთ ღირსი სერაფიმე საროველის ეკლესია, რომელიც სადგერში მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით აშენდა. ტაძრის მახლობლად სენაკი დგას. სენაკის შესასვლელში წერია: „ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გატარა ღირსმა მამა სერაფიმე საროველმა“. ტაძრის ტერიტორიაზე ნახავთ უზარმაზარ ქვას, რომელიც ანალოგია წმინდა სერაფიმეს ქვისა. როცა ბოროტი ცდილობდა მამა სერაფიმეს გონების ამღვრევას, წმინდა მამა კიდევ უფრო ამკაცრებდა ღვაწლს – ყოველ ღამით ის უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით წარმოსთქვამდა იესოს ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.” ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

ბორჯომის პარკი
photo: courtesy of Daduna Nadaraia
ბორჯომის პარკი

აუცილებლად ესტუმრეთ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც მუდამ ამშვენებდა და ამშვენებს ბორჯომის იერსახეს თავისი ულამაზესი არქიტექტურით. შენობა წმინდა ნინოს ქუჩაზე 5 ნომერში მდებარეობს. ის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია საქართველოში. მდიდარია უნიკალური კოლექციებითა და ისტორიით. აქ თავმოყრილი ასეული წლების განმავლობაში შეგროვებული 40 ათასზე მეტი ექსპონატი.

ეს თემა ამოუწურავია. კიდევ ბევრი ადგილის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს.

ბორჯომის პარკი
photo: courtesy of Daduna Nadaraia
ბორჯომის პარკი

- ქალაქში შიდა გადაადგილება რამდენად მოწესრიგებულია?

- თვითონ ქალაქი იმდენად პატარაა, რამდენიმე საათში მთელ ქალაქს შემოივლი ფეხით. რაც შეეხება რაიონებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ ხშირი ინტერვალით მოძრაობს და ეს პროლემას არ უქმნის არც ადგილობრივებს, არც სტუმრებს. ავტოსადგურიდან თითქმის ყველა მიმართულებით გადის სამარშუტო ტაქსი და ავტობუსი.

მინერალური წყლის წყარო ბორჯომში
© Sputnik / Alexander Imedashvili
მინერალური წყლის წყარო ბორჯომში

- თუ ადამიანს ფოტოს გადაღება უყვარს, რომელია ბორჯომში ყველაზე ფოტოგენური ადგილები?

- ალბათ პირველი, რაც ამ დროს მახსენდება, არის „სილამაზის ხიდი“, რომელიც ქალაქს ბორჯომის პარკთან აკავშირებს. ხიდი განსაკურებით ლამაზი სანახავია ღამით. ამასთან, პარკში უამრავი ადგილია, სადაც საოცარი ფოტოების გადაღებას შეძლებთ.

ულამაზესი ექსტერიერი აქვს და არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვედრილა „ფირუზას“ შენობა. ეს არის ცნობილი სანატორიუმი ბორჯომში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბორჯომის პარკის მიმდებარედ. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალური კონსულის - მირზა რიზა ხანის დასასვენებელი სახლი იყო, რომელიც კონსულს  1892 წელს აგარაკად აუშენებია. კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა. სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრის. აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, ლამაზი, სარკესავით მბრწყინავი ორნამენტებითაა დაფარული. სახლს პატარა აბრა აქვს, რომელსაც აწერია: "მირზა რიზა ხანი".

თუ ბუნებაში ფოტოების გადაღება გიყვართ, აუცილებლად უნდა ახვიდეთ პლატოზე, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. აქ არის ე.წ. ეშმაკის ბორბალი, საიდანაც არა მარტო ბორჯომი, არამედ მისი სოფლებიც ხელის გულივით მოსჩანს. პლატოზე ასვლა როგორც მანქანით, ისე საბაგიროს საშუალებით შეგიძლიათ. თუმცა არც ფეხით ასვლა წარმოადგენს პრობლემას.

დადუნა ნადარაია
photo: courtesy of Daduna Nadaraia
დადუნა ნადარაია

- როგორ დასრულდა თქვენი მოგზაურობა ბორჯომში?

- ჩემი მოგზაურობა ბორჯომში ძალიან ლამაზად დაიწყო და  დასასრულიც ასეთი ჰქონდა. დილით სასტუმროს ვერანდაზე მივირთვი ყავა, ვტკბებოდი ხედებითა და პოზიტივით ვიყავი სავსე. შემდეგ გამოვედი სასტუმროდან, ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. ციოდა, მაგრამ ჩიტები სასიამოვნოდ ჭიკჭიკებდნენ. შუადღისას ბორჯომის პარკისკენ ავიღე  გეზი. დავაგემოვნე ცხელი, ძალიან გემრიელი გლინტვეინი. თეთრი, ხელით ნაქსოვი შარფი შევიძინე, მოვიხვიე მხარზე, ბორჯომის პარკში დავკრიფე კლდეებზე შეფენილი ყოჩივარდები და ბორჯომის წყლები მივირთვი. ქალაქში რამდენიმე ადგილობრივი ტურისტი შევნიშნე პარკთან და გამახარა ამ ფაქტმა. მოგეხსენებათ, საქართველოში პანდემიამ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ტურიზმის სფერო. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და როდესაც განტვირთვას და მოგზაურობას მოვისურვებთ, ისევ ჩვენს რეგიონებს ვესტუმროთ, დასამახსოვრებელი წუთები ვაჩუქოთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს.

მთავარი თემები