20:37 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
335 0 0

ჩვენი რუბრიკა დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის ისტორიის მასწავლებელს ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძეს გაგაცნობთ.

ალბათ არავინ შემეკამათება იმაში, რომ იმ საგანთან ერთად, რომელსაც „ჩემი საქართველო“ ჰქვია, ისტორიის მასწავლებელი ბავშვებს თავისი ქვეყნის, კუთხის ტრადიციებსაც უნდა ასწავლიდეს და აყვარებდეს. ნამდვილი სიყვარული კი, როგორც ცნობილია, ფორმალურ დამოკიდებულებას ვერ ეგუება. ეკა მასწავლებლის შემთხვევაშიც ასეა, სიყვარულით ნასწავლი საგანი თავის კეთილ შედეგს იმკის და სოფელს პატრიოტი ადამიანების სახით უბრუნდება.

თანამზრახველებთან ერთად დიდი ჩაილურის მასწავლებელმა სოფელში „ბერიკაობის“ უძველესი ხალხურ-ისტორიული ტრადიცია აღადგინა. მისი დამსახურებით ამ ტრადიციის შესახებ უკვე უცხოეთშიც იციან. ის „იმსას“, ანუ ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ღირსეული წევრია და მისი ინიციატივით სოფელში არაერთი ეროვნული სახის ღონისძიება და შეხვედრა ჩატარდა.

ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე
ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე

- ქალბატონო ეკა, მასწავლებელმა როგორ უნდა შეაყვაროს ბავშვებს ისტორიის საგანი?

- მე მეხუთე-მეექვსე კლასებში ვასწავლი საგანს „ჩემი საქართველო“, მაღალ კლასებში კი ისტორიას. როგორ უნდა შევაყვარო? - პირველ რიგში, ალბათ უნდა დაანახო, რომ კარგად იცი და გიყვარს ქართული ლიტერატურა, რომ გულით გიყვარს შენი ქვეყანა და კუთხე. ეს ყველაფერი უნდა ჩააქსოვო საგნის ცოდნაში. აბა, მარტო სახელმძღვანელოს საშუალებით ბავშვებს ვერაფერში დაარწმუნებ. ყველგან ჩემი წიგნებით, მხატვრული ლიტერატურით დავდივარ, რადგან ყველა ბავშვს არ აქვს წიგნის ყიდვის საშუალება და მათთვის ეს გარკვეული შეღავათია.

გაკვეთილზე
გაკვეთილზე

- ქვეყნის სიყვარული მისი შეცნობით იწყება...

- რა თქმა უნდა, ქვეყნის სიყვარული მისი შეცნობით იწყება. კარგად უნდა იცოდე რა ქვეყნის შვილი ხარ და რა სიმდიდრეს ფლობ. ინტერნეტში ჩვენ გვაქვს ჯგუფი, რომელსაც „ჩემი მოგზაურობები“ ჰქვია, სადაც ბავშვები სხვადასხვა კუთხეში ყოფნის დროს გადაღებულ საკუთარ ფოტოებს ტვირთავენ. ამ ჯგუფს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ხოლო ბავშვებს საოცარი თვალთახედვა აქვთ. როდესაც თავის ფოტოებს დებენ, მათ ყველა ჯერზე კომენტარს ვუკეთებ, არ მინდა რომელიმე მათგანი უყურადღებოდ დამრჩეს.

ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე მოსწავლეებთან ერთად
ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე მოსწავლეებთან ერთად

- თქვენი პირველი გაკვეთილი გაიხსენეთ...

- პირველ გაკვეთილს რაც შეეხება, ის საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, როგორც მხარეთმცოდნეობის წრის ხელმძღვანელმა ჩავატარე. მოსწავლეები თითქმის ჩემი ტოლები იყვნენ და, ბუნებრივია, ვღელავდი. ნიშნები არ იწერებოდა და ამან საქმე შედარებით გამიადვილა. დღემდე ვინახავ იმ ბავშვების მოსალოც ბარათებს, სადაც ისინი, როგორც ეკა მასწავლებელს, ისე მილოცავენ. მაშინ 18 წლის ვიყავი. 20 წლის ასაკში კი უკვე სკოლაში, ბევრი ჩემზე მხოლოდ 4-5 წლით უმცროსი მოსწავლე მეძახდა მასწავლებელს.

ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე
ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე

- ისტორიის გაკვეთილების ჩატარება ალბათ საკლასო ოთახის გარეთაც შეიძლება...

- ყველა ისტორიული ძეგლის და ადგილის მონახულება გაკვეთილად შეიძლება ჩაითვალოს. უკვე ბევრი ადგილი მოვინახულეთ. ისინი სხვადასხვა მუზეუმებში დამყავს, შარშან ეროვნული ხელოვნების სასახლეში ვიყავით. არქეოლოგიურ გათხრებზეც დავდივართ, რაც მათ ძალიან აინტერესებთ. ამას გარდა, სოფლის დასუფთავებაზეც ვზრუნავთ ხოლმე, ქვეყნის სიყვარული ამაშიც გამოიხატება. სხვათა შორის, დღეს ბევრი ბავშვი ჩემი ყოფილი მოსწავლის შვილია, უკვე დავრწმუნდი, რომ მოსწავლე საყვარელია, მაგრამ მოსწავლის შვილი ორჯერ საყვარელი...

ბერიკაობა დიდ ჩაილურში
ბერიკაობა დიდ ჩაილურში

- ყველამ იცის, რომ თქვენს სოფელში ბერიკაობის უძველესი ტრადიცია აღადგინეთ...

- თავიდანვე ვიტყვი - რომ არა ნიკა მემარნიშვილი და ლექსო მალასიძე, „ბერიკაობას“ ვერ ავაღორძინებდით. ბერიკაობა, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი დანიშნულება დღესდღეობით შეცვლილია. ძველად საკულტო-რელიგიური დღესასწაული იყო, დღეს უბრალოდ სახალხო ზეიმია. სიუჟეტებიც გამარტივებულია. როცა ბერიკაობაა, მასში მთელი სოფელია ჩართული, ბავშვები ნიღბებს კერავენ. უფროსები ქადებს აცხობენ. ყველას დამსახურებაა, რომ 14 მარტს ჩატარებული ეს დღე ჩაილურში ასეთი ლამაზი და ფერადი გამოვიდა.

ბერიკაობა დიდ ჩაილურში
ბერიკაობა დიდ ჩაილურში

- შევახსენოთ მკითხველს ამ სახალხო დღეობის არსი...

- მოგეხსენებათ, ამ ტრაციდიციის თანახმად, ბერიკებს პატივით უნდა მოექცე, გაუღიმო და დაასაჩუქრო ისინი, რათა მათი კეთილგანწყობა დაიმსახურო. იმავე ტრადიციის თანახმად, თუ ბერიკები კმაყოფილი დარჩებიან, ეს ქვეყანას სიკეთესა და უკეთეს მომავალს უქადის. ჩვენს სოფელში არაერთხელ იყვნენ უცხოელები, რომლებმაც ამ დღეს ბევრი ფოტო გადაიღეს და „ბერიკაობის“ შესახებ ამბები თავის ქვეყანაშიც გაავრცელეს. მადლობა ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას, რომელმაც ამ დღეს საოცარი ფოტოები გადაიღო.

ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე მოსწავლეებთან ერთად
ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე მოსწავლეებთან ერთად

- ვიცი, რომ სოფელში გულწრფელად უყვარხართ და პატივს გცემენ, ალბათ თავადაც გრძნობთ ასეთ დამოკიდებულებას, ასეა?

- არ მოვიტყუები და ყალბ თავმდაბლობას არ გამოვიჩენ, მიხარია ჩემ მიმართ გამოთქმული ყველა თბილი სიტყვა. მიხარია, რომ დაინახეს რამდენს და როგორ ვცდილობ ჩემი სოფლისა და მოსწავლეებისთვის. თუმცა მე მარტო არ ვარ, ყველა იდეის და ოცნების ფრთაშესხმაში გვერდში მიდგანან ძალიან ღირსეული, კარგად გაზრდილ-აღზრდილი, ჩვენი სოფლისა და ქვეყნის პატრიოტები – ჩემი მოსწავლეები, მათ ასე ვახსენებ, რადგან ყოფილი მოსწავლე არ არსებობს. ამიტომ ყველა სამადლობელი და თბილი სიტყვა მათი დამსახურებით მივიღე. ჩემი მხრივ, მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მადლობა ჩემს ოჯახსაც იმ მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის, რასაც ჩემთან მიმართებაში იჩენენ.

ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე
ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე

- გაიხსენეთ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რაც გაკვეთილზე მოხდა...

- ეს ამბავი ოცდაერთი წლის წინანდელია, მაშინ დეკრეტულში გავდიოდი. სადამრიგებლო კლასში რომ შევედი, მასწავლებლის მაგიდაზე ძალიან ბევრი ვარდი დამხვდა. რადგან ყველასთვის ცნობილია ყვავილებისადმი ჩემი სიყვარული, ბავშვებმა მთელი სოფელი მოიარეს, რომ ჩემთვის ყვავილები დაეკრიფათ. თანაც, თურმე ყველას ეუბნებოდნენ, რომ ყვავილები ეკა მასწავლებლისთვის უნდოდათ... ასეთი რამ არასოდეს გავიწყდება.

ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე
ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე

- სამშობლო რა არის თქვენთვის, რა სიტყვებს მოუძებნით მას?

- რთული სათქმელია, მოკლედ რომ ვთქვა, სამშობლო ჩემთვის ის გრძნობაა, რომლის გამოც ალბათ საქართველოდან ვერასოდეს წავალ...

 

მთავარი თემები