09:09 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
33910

ყოველი ადამიანი სხვებისგან განსხვავებული, ცალკე ისტორიაა, რომელიც არასოდეს მეორდება და მარტო ამითაცაა საინტერესო.

ამ ისტორიებიდან კარგად ჩანს ადამიანის ნამდვილი ბუნება და ყოველ ჯერზე რწმუნდები, რომ, სურვილისა და მცდელობის შემთხვევაში, შეუძლებელია არაფერია. ამ მხრივ, არც თეა ბოლქვაძის ამბავია გამონაკლისი...

პროფესიის ექიმი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შშმ პირი გახდა, მაგრამ ხელი არ ჩაიქნია, პირიქით, გაძლიერდა და სამყაროში ყველაზე მაგარ მარათონში ჩაერთო. მთავარ „შეჯიბრში“ საკუთარი ბედისწერა გამოიწვია და ფინიშთან გამარჯვებული მივიდა. დიდი ძალისხმევის შედეგად მან საკუთარი სხეულის მართვა შეძლო და დღეს წარმატებული პარასპორტსმენია.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

ახლა უკვე ზუსტად იცის როგორ მოიქცეს მაშინ როცა ცხოვრება კარს მიგიჯახუნებს: „უნდა მიხვიდე მასთან და მოარგო გასაღები, რომელსაც „ნება“ ჰქვია, მაშინ ყველა კარი გაიღება შენს წინაშე“...

ჩემი ბავშვობა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, რუტინული ცხოვრებით იყო დატვირთული, გარდა იმ მომენტებისა, როდესაც არდადეგებზე, სოფელში მივდიოდი. იქ უფრო მეტი კონტაქტი მქონდა ბუნებასთან და ცხოველებთან. თხუთმეტი წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში, ჩემზე ხუთი წლით უფროსა ძმა დავკარგე. ჩემი უდიდესი ტრაგედიაც იქ დაიწყო, რადგან ჩემს ძმასთან ერთად ამ ტრაგედიის გამო მშობლებლებიც „დავკარგე“. მათ რამდენიმე წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ასეთ ტკვილს ცოტათი მაინც შეგუებოდნენ და გაეაზრებინათ, რომ კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ. ეს ტრაგედია ჩემს ცხოვრებას დამღად მოყვება და მისი გახსენება 30 წლის გასვლის შემდეგაც მტკივნეულია...

თეა მეუღლესთან, გია აროშიძესთან ერთად
თეა მეუღლესთან, გია აროშიძესთან ერთად

სკოლის დამთავრების მერე, ჩავაბარე სამედიცინო სასწავლებელში, სამკურნალო საქმეზე-ფერშლის კვალიფიკაციით. როდესაც ამ პროფესიით მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ მეტის გაკეთება მინდოდა და შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაციაზე ჩავაბარე.

ტრავმამდე ანუ 2005 წლიდან, გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმად ვმუშაობდი. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მიბრძოლია და გამიმარჯვია კიდეც. თუმცა ზოგჯერ დავმარცხებულვარ და ყველა ის დამარცხება მახსოვს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და იმედი მაქვს ახლო მომავალში დავუბრუნდები, იმიტომ, რომ შშმ სტატუსით, საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებით, საკმარისი ცოდნა დავაგროვე. ასევე ძალიან მიყვარს ცხოველები და ვეტერინარობა სულ მინდოდა, მაგრამ ადამიანის მკურნალობა ვარჩიე. სხვათაშორის მკურნალობას დღეს არც ცხოველებს ვაკლებ.

თეა და ლუკა ტრაგედიამდე
თეა და ლუკა ტრაგედიამდე

ამბავი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება 2014 წლის 11 მაისს მოხდა... ყველაფერი კადრებად მახსოვს: ჩემი პირველკლასელი შვილის ექსკურსია, გორი, ვარიანი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი... მორიგი ფოტოს გადაღების დროს მოაჯირი გადავარდა და მას ინერციით თან გადავყევი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა, უმძიმესი ტრავმით ვძლიე სიკვდილი და ეხლა ვუყურებ როგორ იზრდება ჩემი შვილი.

ტრავმამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ეტლით მოსარგებლე გავხდი... უამრავი ტკივილით, უამრავი გამოცდის მერე, მე და ეტლი დავმეგობრდით. ის ეხლა სამყაროში ჩემი გადაადგილების საშუალებაა. მან ბევრი რამ დამანახა და მასწავლა, პირველ რიგში, საკუთარი სხეულის და ეგოს მოსმენა. ის, რომ ეტლში ზიხარ, დასასრულს არ ნიშნავს, პირიქით, აქედან იწყება უდიდესი ბრძოლა ცხოვრებასთან, საკუთარი თავის დამკვიდრება და იმ ნიუანსების შეცნობა, რასაც ადრე, შეიძლება ყურადღებას არ აქცევდი. დღეს უკვე შეგიძლია დეტალების გათვალისწინება და იცი, რომ ბედნიერება და პოზიტივი დეტალებშია. ეტლმა მასწავლა ადამიანების ფსიქოტიპის ამოცნობა. სხვა სამყარო დამანახა: ხისტი და ლმობიერი, მოსიყვარულე და ამაზრზენი, დამანახა სიკეთე და ღვარძლი...

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

ადამიანები ჩემს გვერდით - ეს ცალკე თემაა... უდიდესი ტკივილი თუ ტრაგედია მათი გვერდში დგომით, მათი დახმარებითაა შესაძლებელი. ჩემს შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა... დედა, მეუღლე და შვილი - ამ ადამიანებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რომ „ფეხზე დავმგდარიყავი“, მიუხედავად იმისა, რომ ეტლით მოსარგებლე ვარ ამ ადამიანების მეშვეობით მყარად ვაგრძელებ ცხოვრებას და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი.

აქტიური სპორტით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, გარდა ფიტნესისა, სადაც წონის კორექციისთვის დავდიოდი. ტრამვა 39 წლის ასაკში მივიღე და ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მოვხვდი ორგანიზაციაში, სადაც შშმ პირებს ასწავლიდნენ ეტლით სარგებლობას. აქ ერთ-ერთი სპორტული აქტივობა მშვილდოსნობა იყო. მშვილდის ხელში აღებისთანავე, პირველივე გასროლაზე მოვიხიბლე და გადავწყვიტე ამ სპორტით დავკავებულიყავი. მოკლედ 40 წლის ასაკში აღმოვჩნდი აქტიურ სპორტში, კერძოდ, პარამშვილდოსნობაში. ხუთწლიანი ვარჯიშის შედეგად, თბილისის ზამთრის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და საქართველოს ზამთრის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ვარ ინტეგრირებულ შეჯიბრებაში.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გავდიოდი, როდესაც გავიგე მსოფლიო რბოლის -Wings for Life World Run-ის შესახებ, ამ მარათონში მონაწილეობის მიღება მოვინდომე და დავრეგისტრირდი. მაშინ ჯერ კიდევ კარგად ვერ ვმოძრაობდი, პრაქტიკულად ტრამვა ახალი მიღებული მქონდა. მარათონში რეაბილიტოლოგი და ფიზიოთერაპევტები მეხმარებოდნენ. ჩემდა გასაოცრად, 2015 წელს, „ქალი ეტლით მოსარგებლეს“ სტატუსით 6.800 კმ. გარბენში გავიმარჯვე. ეს იყო აღუწერელი შეგრძნება, რომელიც დღემდე მომყვება. ამის გარდა  2016 წელს იყო 11 კმ გარბენი და 2019 წელს კი, 13კმ გარბენი. ეს იყო უდიდესი ემოციით დატვირთული რბოლა, რომელიც მოვიგე. ტიპიური ადამიანების და შშმ პირების ტანდემი -ამ დროს ისინი გეხმარებიან ფიზიკურად, შენ კი მათ მორალურად ამხნევებ, რომ მორიგი კილომეტრი ერთად დაძლიო.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი? - ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უდიდესი ბრძოლა და ძალისხმევა გვჭირდება, რომ საკუთარი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ და დავმკვიდრდეთ ამ რთულ ცხოვრებაში. საჭიროა საკუთარი დაუმორჩილებელი სხეულის შესწავლა (ვისაც ტრამვა აქვს) დაქვეითებული, გამქრალი რეფლექსებისა და შეგრძნებების აღქმა,  დამატებითი ძალისხმევა, რომ მოვერგოთ ეტლს, გარემოს (რომელიც ხშირ შემთხვევაში არაადაპტირებულია) და ისევ ჩავერთოთ ცხოვრების ფერხულში. ამიტომაც ვხდებით ძლიერები, ვხდებით მაგალითები ტიპიური ადამიანებისთვის. დაუძლეველი მართლა არაფერია თუ გულით მოინდომებ და მიზანს დაისახავ, მიაღწევ კიდეც.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

როდესაც ცხოვრება კარს მიგიხურავს (ჩვენს შემთხვევაში კი, მიგიჯახუნებს) აუცილებლად გაჩნდება მეორე კარიც, უბრალოდ უნდა მიხვიდე მასთან და მოარგო გასაღები, რომელსაც „ნება“ ჰქვია, მაშინ ყველა კარი გაიღება შენს წინაშე...

 

მთავარი თემები