ტიხრული მინანქრის ოსტატი და გალერეა განსაკუთრებული ხიბლით

© photo: courtesy of Irinka Kharatishviliირინკა ხარატიშვილი
ირინკა ხარატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
მიმდინარე პანდემიამ თითოეულ ჩვენგანს დაასვა დაღი. მივხვდი, რომ თბილისის ქუჩების ფეხით შემოვლა, დიდი ხნის უნახავი ნაცნობების მოკითხვა ძალიან მომნატრებია. ამიტომ ერთ მზიან დილას ავდექი და ძველი თბილისის ქუჩებს ფეხით გავუყევი...

გალერეის შესასვლელში ლურჯი კარი, რომელზეც ბროწეულის ულამაზესი ხეა გამოსახული, ორგანულად ერწყმის ძველი თბილისის სახლებსა და აივნებს. ამ კარმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება და შესვლა განვიზრახე. შიგნით საოცარი გარემო დამხვდა, დახვეწილი და განსხვავებული ინტერიერი, ფერადი და საუცხოო სივრცე... ინტერიერისა და სასიამოვნო ატმოსფეროს გარდა, აქ უამრავ დახვეწილ ნამუშევარს, სამკაულს, ნახატს, დეკორატიულ ნივთს შეხვდებით, რომლებიც მხოლოდ ესთეტიური სილამაზით არ გამოირჩევა, თითოეული მათგანი ამავდროულად განსაკუთრებული ამბის მთხრობელიცაა.

გალერეა დიზაინერ-დეკორატორს ირინკა ხარატიშვილს ეკუთვნის. აქ წარმოდგენილია მის მიერ შექმნილი, ტიხრულ მინანქარში შესრულებული სამკაული, ნახატები. გარემომ და აქ წარმოდგენილმა ნივთებმა იმდენად მომაჯადოვა, ავტორთან გასაუბრების გარეშე ვერ დავტოვებდი. უფრო ვრცლად კი სტატიაში.

Sputnik საქართველო ირინკა ხარატიშვილსა და მის გალერეას წარმოდგიგენთ.

© photo: courtesy of Irinka Kharatishviliირინკა ხარატიშვილი შემოქმედება გამოფენაზე
ტიხრული მინანქრის ოსტატი და გალერეა განსაკუთრებული ხიბლით - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
ირინკა ხარატიშვილი შემოქმედება გამოფენაზე

- პირველადი პროფესიით მხატვარი-მოდელიერი ვარ, შემდეგ დიზაინერ-დეკორატორი. 15 წელია მაქვს სამხატვრო გალერეა, რომელიც თავიდან რუსთაველის გამზირზე იყო, ამჟამად კი მდებარეობს სოლოლაკში, იერუსალიმის პირველ ნომერში. გალერეაში წარმოდგენილია ჩემი ნახატები, მინანქრის სამკაული და სხვა ქართველი ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები.

გარდა ჩემი პროფესიისა, რომელიც ძალიან მიყვარს, ასევე მიტაცებს მუსიკა და სიმღერა. სწორედ ამიტომ შევქმენი ფეისბუქზე ჯგუფი „გემოვნებიანი და ქართული“, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას და მუსიკას.

ყოველთვის ვთვლიდი, რომ ტიხრული მინანქარი არის ულამაზესი ხელოვნება. ჩემი შემოქმედება ხატვით დაიწყო და ნახატებში დიდი როლი უჭირავს დეკორატიულ ხელოვნებას, მინიატურულ სტილს და ორნამენტებს. ამ სინთეზის სიყვარული გამოვხატე ჩემი მინანქრის სამკაულში.

© photo: courtesy of Irinka Kharatishviliირინკა ხარატიშვილის ნამუშევარი
ტიხრული მინანქრის ოსტატი და გალერეა განსაკუთრებული ხიბლით - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
ირინკა ხარატიშვილის ნამუშევარი

- ტიხრული მინანქრით როდის და რატომ დაინტერესდით?  სად დაიწყო თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია?

- 19 წელია  საკუთარი დიზაინით ვქმნი მინანქრის სამკაულებს. წლების წინ, შვილთან ერთად ძველ თბილისში სეირნობისას ვნახეთ გალერეა, სადაც წარმოდგენილი იყო  მინანქარში შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრები. მაშინ გამიჩნდა სურვილი მესწავლა ეს ტექნოლოგია. გამორჩეულად მოგვეწონა ირაკლი მეგრელიშვილის  ნამუშევარი და ჩემმა შვილმა მთხოვა მინანქარი ამ ოსტატისგან მესწავლა. ეს რაც შეეხება მინანქარს. ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია კი დაიწყო ადრეული ასაკიდან. მთელი ბავშვობა ვძერწავდი. შემდეგ ვიყავი გატაცებული დისნეის გმირების ხატვით და 12 წლის ასაკში მივიღე მყარი გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი მხატვარი. მას შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები ხელოვნებას.

პირველი ჩემი ხატვის მასწავლებელი იყო ფერმწერი ქალბატონი გულიკო კიკალეიშვილი. შემდეგ ორი წელი დავდიოდი სამხატვრო აკადემიის პედაგოგთან, ბატონ თემო ქუთათელაძესთან, ხოლო ქალბატონ მადლენა ბაიდოშვილთან ვსწავლობდი აკვარელს.

ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი მოდელირებაში იყო სამხატვრო აკადემიის მოდელირების კათედრის გამგე, ქალბატონი ლიდია ავალიანი.

© photo: courtesy of Irinka Kharatishviliირინკა ხარატიშვილის ნამუშევარი
ტიხრული მინანქრის ოსტატი და გალერეა განსაკუთრებული ხიბლით - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
ირინკა ხარატიშვილის ნამუშევარი

- რა აქვს ტიხრულ მინანქარს ისეთი მომხიბვლელი, საინტერესო, რომ ასე გაგიტაცათ?

- ტიხრული მინანქრის კეთების პროცესი არის საინტერესო და აზარტული. ეს არის ფანტაზიის უშრეტი წყარო. ჯერ მოლოდინი რად ღირს, როდესაც აკვირდები ნამუშევარი რა ფერს იძენს ღუმელში გამოწვისას. ყველაზე ძალიან მომწონს ფერებით თამაში  და საბოლოო ნამუშევრის დიზაინი, რომელსაც ვაფორმებ ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით. ყველაზე საინტერესო არის შემოქმედებითი პროცესის შედეგი. არასოდეს არ ვსვავ ჩემს თავს ჩარჩოში, არ ვიზღუდავ თავს, არ ვარ შემოფარგლული თავდაპირველი ჩანაფიქრით. პირიქით, პროცესში იბადება იდეები, ფერები და საბოლოო შედეგი ზოგჯერ სასიამოვნოდ გასაოცარია. ნამუშევარი ასე უფრო საუცხოო და შთამბეჭდავი გამოდის.

© photo: courtesy of Irinka Kharatishviliირინკა ხარატიშვილის ნამუშევარი
ტიხრული მინანქრის ოსტატი და გალერეა განსაკუთრებული ხიბლით - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
ირინკა ხარატიშვილის ნამუშევარი

- სამკაულის გარდა სხვა ნივთებზეც თუ მუშაობთ, მაგალითად  დეკორატიულ ნივთებს თუ ქმნით?

- სამკაულის გარდა ვქმნი ნახატებს და ზარდახშებს შერეული ტექნიკით.

- საინტერესოა, როგორია შემოქმედებითი პროცესი, რა გიქმნით სამუშაო განწყობას, როგორ იქმნება თქვენი თითოეული ნივთი?

- იმისთვის, რომ დავიწყო ხატვა ან სამკაულის კეთება, პირველ რიგში აუცილებელია ყველა საჭირო საღებავი და ფუნჯი მქონდეს დალაგებული. მაშინ მექმნება განწყობა, რომ თავისუფლად ვიმუშაო. შემოქმედებითი პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ დროის შეგრძნება მეკარგება. შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემი პროფესია ამავდროულად ჩემი საყვარელი საქმეა.

© photo: courtesy of Irinka Kharatishviliირინკა ხარატიშვილის ნამუშევარი
ტიხრული მინანქრის ოსტატი და გალერეა განსაკუთრებული ხიბლით - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
ირინკა ხარატიშვილის ნამუშევარი

- საქართველოში ბევრი ადამიანი გიცნობთ, ალბათ პანდემიამდე ბევრი ტურისტი სტუმრობდა თქვენს გალერეას. უცხოეთშიც თუ დაინტერესებულან თქვენი ნამუშევრებით? იქიდან თუ იღებთ შეკვეთებს?

- გალერეის უცხოელი და ქართველი სტუმრები აღნიშნავენ, რომ ჩემი გალერეა არის განსაკუთრებული და განსხვავებული, ინტერიერი არის ჩემი დიზაინით გაკეთებული. უმეტესობა ჩემი ნამუშევარი სწორედ საზღვარგარეთ იყიდება. გამოფენები მქონდა ირლანდიაში, ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ავსტრიაში, მალტაზე და სხვა.

- პანდემიამ რა გავლენა იქონია თქვენს საქმიანობაზე?

- პანდემიამ მთელ მსოფლიოზე იმოქმედა და მათ შორის ჩემს გალერეაზეც. თუმცა ამჟამად ვმუშაობთ და მუდმივად გვყავს სტუმრები.

მაქვს ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა. როგორც გითხარით, ფეისბუქზე შევქმენი ჯგუფი „გემოვნებიანი და ქართული“, სადაც გავაერთიანეთ ხელოვნების ყველა ჟანრი, ვგეგმავთ გამოფენებს, საინტერესო შეხვედრებს ხელოვან ადამიანებთან, იდეების და აზრთა გაზიარებებს!

ყველა ახალი ამბავი
0